„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცის მე-6 მუხლი ადგენს, რომ „ყოველ ბავშვს აქვს სიცოცხლის ხელშეუვალი უფლება“. აღნიშნული გულისხმობს, რომ ბავშვის სიცოცხლე მისი დაბადების მომენტიდან დაცული უნდა იყოს. სიცოცხლის ეს თანდაყოლილი უფლება, რომელიც ღირსების ცნებას მოიცავს, ბავშვის აღიარებული უფლებების საფუძველია. შესაბამისად, ეს მუხლი ბავშვის უფლებების კონვენციით დადგენილ ერთ-ერთ ძირითად აკრძალვას - სიკვდილით დასჯის აბსოლუტურ აკრძალვას ამართლებს. კონვენციის მე6 მუხლის მე-2 პუნქტი აკონკრეტებს, რომ სახელმწიფოებმა ბავშვის გადარჩენა და განვითარება მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ. გადარჩენა ორ განსხვავებულ სიტუაციას მოიცავს, რომლებიც შედეგობრივად მაინც ერთმანეთის მსგავსია. პირველი კატაკლიზმების, კონკრეტულად კი, ისეთი ბუნებრივი კატასტროფების შედეგია, როგორიცაა: წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი, ვულკანის ამოფრქვევა და დამანგრეველი მოვლენები, რომლებთან გამკლავება ადამიანის ძალ-ღონეს აღემატება. მეორე მდგომარეობა განსაკუთრებულ დაძაბულობას, რეგულარულ სამხედრო შენაერთებს ან არაოფიციალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს, შიმშილობას, ქრონიკულად ცუდ კვებას, სიღარიბეს ან განსაკუთრებულ სიღარიბეს მოიცავს. მეორე კატეგორიის სიტუაციისთვის, რომლის მასშტაბი ხშირად განუზომელია და რომელიც მათ მსხვერპლებს განუზომელ ტანჯვას აყენებს, სახელმწიფოები, შეიძლება გარკვეულწილად, პასუხისმგებელნი იყვნენ. ამ ორი ეტაპის სიტუაციების ეფექტი ერთნაირია: ბავშვებს საკუთარი უფლებებით სარგებლობისთვის განუსაზღვრელად დიდი სირთულეები ექმნებათ. ამგვარ შემთხვევებში, პრიორიტეტი მათი სიცოცხლის გადარჩენას უნდა მიენიჭოს.
კონვენციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტი ასევე, მოიცავს ტერმინს „განვითარება“ და შესაბამისად, ცალსახად მიუთითებს, რომ ბავშვს, რომელიც ცოცხალია და ზოგჯერ ძლივს ახერხებს თავის გადარჩენას, ჰარმონიული განვითარების უფლება აქვს. ტერმინი მოიცავს „ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ განვითარებას.“