აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
კანონის თანახმად, სპეციალიზებულ დაწესებულებაში, გარდა პანსიონისა, ბავშვის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. ბავშვის მოთავსება დაწესებულებაში ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიძლება იყოს თავად მოთავსების მსურველი ან მისი ოჯახის წევრი, მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო ან სასამართლო. ამასთან კანონის (მუხ. 21 (3)) მიხედვით, რეინტეგრაციის შემწეობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, ბიოლოგიური ოჯახი კარგავს ფულადი დახმარების მიღების უფლებას, ხოლო რეინტეგრირებული ბავშვის საკითხი წყდება მისი ინტერესების უპირატესი დაცვით.