„სოციალური დახმარების შესახებ“ კანონის თანახმად, სპეციალიზებულ დაწესებულებაში (სადღეღამისო ზრუნვა) ბავშვის მოთავსება ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიძლება იყოს თავად მოთავსების მსურველი ან მისი ოჯახის წევრი, მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო ან სასამართლო. ბავშვის (მათ შორის, ნაპოვნი ბავშვის) სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო, ხოლო მიუსაფარი ბავშვის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებია უფლებამოსილი სოციალური მუშაკი. საბჭოს დებულების თანახმად, გადაწყვეტილების მიღებისას, საბჭოს წევრები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სოციალური მუშაკის ან/და სხვა უფლებამოსილი პირების (ფსიქოლოგი, იურისტი) მიერ წარმოდგენილ შეფასებაში (დასკვნაში) მითითებული ინფორმაციითა და რეკომენდაციებით, აგრეთვე, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებული სხვა მონაცემებით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). თუ წარმოდგენილი მასალები არ არის საკმარისი, საბჭოს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.