„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 30-ე მუხლი აღიარებს იმ ბავშვების უფლებებს, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობების ჯგუფებსა და მკვიდრ მოსახლეობას, რომ ისარგებლონ თავიანთი კულტურით, რელიგიით და აღასრულონ მისი რიტუალები, აგრეთვე ისარგებლონ მშობლიური ენით. თუ ამ მუხლის ძირითადი ელემენტებია კულტურით, რელიგიითა და ენით სარგებლობა, აქ ხაზგასმულია, რომ იგი არ არის შეუზღუდავი და არსებობს აუცილებლობა, რომ მისი განხორციელება მოხდეს ადამიანის უფლებების ჩარჩოში. ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი №8 („ფიზიკური დასჯისგან ან სხვა მკაცრი და ღირსების შემლახველი დასჯისგან ბავშის დაცვის შესახებ“) ითვალისწინებს, რომ „რელიგიისა ან რწმენის წესების დაცვისას უნდა მოხდეს სხვების ადამიანური ღირსებისა და ფიზიკური მთლიანობის პატივისცემა. რელიგიის ან რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება შეიძლება კანონიერად შეიზღუდოს სხვების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 30-ე მუხლი აღიარებს „უფლების“ არსებობასა და მოითხოვს, რომ „არ მოხდეს მისი უარყოფა“. შესაბამისად, კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დაიცვან ამ უფლების განხორციელება და არ დაუშვან მისი დარღვევა ან მასზე უარის თქმა. ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოზიტიური მოვალეობები ძირძველი ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი ბავშვების მიმართ და ვალდებულება, რომ გაატაროს ჯანმრთელობის, კვების, განათლების, რეკრეაციისა და სპორტის, სოციალური მომსახურების, განსახლების, სანიტარიისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შეესაბამება ბავშვის კულტურას.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ 30-ე მუხლი მჭიდროდაა დაკავშირებული „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისოპაქტის 27-ე მუხლთან. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს: „იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობანი, პირებს, რომლებიც ასეთ უმცირესობას ეკუთვნიან, არ შეიძლება უარი ეთქვათ უფლებაზე იმავე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ თავიანთი კულტურით, აღიარონ თავიანთი რელიგია და შეასრულონ მისი წესები, აგრეთვე ილაპარაკონ დედა ენაზე“. ამ კავშირზე მიუთითებს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი №11. კერძოდ, 27-ე მუხლი მოიცავს კოლექტიურ და ინდივიდუალურ უფლებებს და აღიარებს, რომ ტრადიციული კოლექტიური ღირებულებებით შეიძლება ისარგებლოს ჯგუფის სხვა წევრმაც.
„ბავშის უფლებების შესახებ“ კონვენციის 30-ე მუხლი თითქმის მთლიანად იმეორებს პაქტის 27-ე მუხლს, გარდა ფრაზისა, „ადამიანები, რომლებიც მეკუთვნებიან მკვიდრ მოსახლეობას“.2007 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია „ძირძველი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შესახებ“, რომელიც არის სახელმძღვანელო ძირძველი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების თაობაზე და სპეციალურად გამოყოფს ასეთი მოსახლეობის წარმომადგენელი ბავშვების უფლებებს. დამატებით, 2009 წელს, ბავშვის უფლებათა კომიტეტმა მიიღო ზოგადი კომენტარი „ძირძველ ადგილობრივ მოსახლეობას კუთვნილი ბავშვებისა და კონვენციის შესაბამისად, მათი უფლებების შესახებ“.