სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშვება 18 წლის ასაკიდან. 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროდ ითვლება, ხოლო შვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა. აღნიშნული რეგულირება ვრცელდება როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით.
თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება. ეს წესი გამოიყენება როგორც საწარმოს დაფუძნების, ასევე ლიკვიდაციისა და შრომითი ურთიერთობების დაწყების ან დამთავრების მიმართაც.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს 14 წელს მიუღწეველ პირს, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 16 წელს მიუღწეველ პირს.