შე შვ შფ
შეზ შეუ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები

ინგლ. Children with Disabilities

2008 წელს, მაისში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის ძალაში შესვლამდე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია იყო ადამიანის უფლებების ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა დებულებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თაობაზე. იგი ასევე, წარმოადგენდა ადამიანის უფლებების ერთადერთ ხელშეკრულებას, რომელიც კრძალავდა დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის გამო. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 2007 წელს, შეიმუშავა ზოგადი კომენტარი №9 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებების შესახებ. ზოგად კომენტარში მოცემულია არა მარტო ბავშვის უფლებათა კომიტეტის მოსაზრებები კონვენციის მე-2 და 23-ე მუხლებთან მიმართებით, არამედ ასევე, წარმოდგენილია ზოგადი ხასიათის დასკვნები და რეკომენდაციები. კომიტეტი ასევე განიხილავს იმ ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებების დაცვისა და პატივისცემისთვის კონვენციის სხვადასხვა მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ზოგადი კომენტარი ფაქტობრივად წარმოადგენს კომიტეტის სახელმძღვანელოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებების რეალიზაციის თაობაზე, ოჯახურ გარემოსა და ალტერნატიული ზრუნვის პირობებში, განათლების დაწესებულებებში, ჯანმრთელობის დაცვისა და სპეციალური დაცვის ღონისძიებების თაობაზე.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 23-ე მუხლისა და სხვა მუხლების მთავარი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი სრულფასოვან და ღირსეულ ცხოვრებას ეწეოდეს პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ღირსების პატივისცემას, ეხმარება საკუთარი თავის რწმენის ჩანერგვაში და უადვილებს აქტიურ მონაწილეობას საზოგადოების ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 23-ე მუხლი იყენებს ტერმინს „მონაწილეობა“ საზოგადოების ცხოვრებაში მონაწილეობა არ ნიშნავს განყენებულ და აბსტრაქტულ ცნებას, არამედ იგულისხმება, რომ ბავშვს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მის სახლთან ახლოს რეალურ ცხოვრებაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს აქვს სპეციალური მოვლის მიღების უფლება და მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დახმარება გაუწიონ არა მარტო ბავშვს და მის მშობლებს, არამედ სხვა პირებსაც, რომლებიც ზრუნავენ ბავშვზე, დახმარება უფასო უნდა იყოს, თუ შესაძლებელია. თუმცა, მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ მხედველობაში მიიღონ მშობლების ფინანსური მდგომარეობა და შესაძლებლობის ფარგლებში მოსთხოვონ გარკვეული მომსახურების ანაზღაურება. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო დახმარების მიზანი უნდა იყოს იმის უზრუნველყოფა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს აქვს შესაძლებლობა მიიღოს განათლება, ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება, რეაბილიტაცია და დასაქმებისთვის მომზადება, რათა მოხდეს ბავშვის სოციალური ინტეგრაცია და განვითარება მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ კონვენცია განამტკიცებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების იმპლემენტაციის აუცილებლობას. ამ კონვენციის მე-7 მუხლი ითვალისწინებს, რომ ასეთი ბავშვები, სხვა ბავშვების მსგავსად, სარგებლობენ ადამიანის ყველა უფლებით; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი; ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, შესაბამისად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე

ბავშვს ასაკის შესაბამისად, მოსაზრების გამოხატვისთვის აუცილებელი საშუალებები უზრუნველყონ. კონვენციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს არ შეიძლება შეეზღუდოს უფასო და სავალდებულო დაწყებითი და საშუალო განათლება. კონვენციის დამატებითი ოქმი ითვალისწინებს გასაჩივრების პროცედურას კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

კონვენციას აქვს დამატებითი ოქმი, რომელიც მიღებულ იქნა 2008 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის A/RES/61/ 106 რეზოლუციით (დამატებით ოქმს საქართველომ ხელი მოაწერა 2009 წლის 10 ივლისს, თუმცა, რატიფიცირებული არ არის).

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9