შეურაცხაობა სისხლის სამართალში არის ბრალის გამომრიცხველი გარემოება. სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე და 34-ე მუხლების თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა იცნობს შეურაცხაობის ორ შემთხვევას: შეურაცხაობას ასაკის გამო და შეურაცხაობას ფსიქიკური მდგომარეობის გამო. ა) 14 წლის ასაკამდე პირს ბრალად არ შეერაცხება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მაშასადამე, პირი ბრალუნარიანი ხდება 14 წლის ასაკიდან და შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ამ დროიდან; ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ ფსიქიკურად დაავადებულ პირს, ვისაც ამ ქმედების ჩადენისას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობის შინაარსი ან შეეძლო გაეცნობიერებინა, მაგრამ არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი, არ შეერაცხება ბრალად მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. აღნიშნულ შემთხვევაში, შეურაცხაობის მიზეზი შეიძლება იყოს: ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკური მდგომარეობის დროებითი მოშლილობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019