შვილად აყვანა მშობლებისგან განცალკევებული ბავშვის პრობლემის მუდმივ გადაწყვეტად ითვლება. მშვილებელსა და შვილებულს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვება, რომელიც ბიოლოგიურ მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობას უთანაბრდება. მშობლებს ნაშვილების მიმართ სრული პასუხისმგებლობა აქვთ.
შვილად აყვანას „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიღებამდე არც ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება არ ეხებოდა. რეგიონული ხელშეკრულებები მეტ-ნაკლებად არეგულირებდნენ ამ საკითხს, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ სახელმწიფოთაშორისი გაშვილება პრობლემური ხდებოდა. მოგვიანებით, როდესაც სახელმწიფოთაშორისი გაშვილება მჭიდროდ დაუკავშირდა ბავშვების გაყიდვას, უკანონო გადაადგილებასა და ბავშვის გატაცებას, მკაფიო სტანდარტების ჩამოყალიბება აუცილებელი გახდა.
„ბავშვის უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკული ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, შვილად აყვანისას ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ეს დებულება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 21-ე მუხლს ფაქტობრივად იმეორებს. ორივე ხელშეკრულება სახელმწიფოს ვალდებულებას აკისრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შვილად აყვანას შიდასახელმწიფოებრივი სამართალი აღიარებს, ამასთან, ორივე დებულება შვილად აყვანის სათანადო სახელმწიფო ორგანოს ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებას მოითხოვს. პროცესში ჩართული ყველა მხარის თანხმობა იგულისხმება, თუმცა ტექსტი ბავშვის მოსაზრების პატივისცემის პრინციპს არ მოიცავს.
ბავშვების შვილად აყვანის შესახებ განახლებული ევროპული კონვენცია შვილად აყვანისას უფლებების დაცვის აუცილებლობას აღიარებს და ალტერნატიული ზრუნვის ფორმად შვილად აყვანის შერჩევისას, ბავშვს ცენტრალურ ფიგურად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თვისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია შვილად აყვანას დამოუკიდებელ უფლებად არ მოიაზრებს, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ შვილად აყვანის საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე განიხილა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახური ცხოვრების უფლების კონტექსტში. ინტერ ალია, ბავშვსა და მშვილებლებს შორის ურთიერთობას მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ურთიერთობების მსგავსი ბუნება აქვს (იხ.: საქმე - პინი და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ, Pini and Others v. Romania, ESHR 2004).
1993 წელს, საერთაშორისო კერძო სამართლის ჰააგის კონფერენციის მიერ მიღებულ იქნა ჰააგის კონვენცია ბავშვების დაცვისა და სახელმწიფოთაშორისი გაშვილების საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ. ამ კუთხით, აღნიშნული დოკუმენტი პირველი უნივერსალური ხასიათის ხელშეკრულებაა. კონვენციის მიზანი „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 21-ე მუხლთან ერთად, ბავშვის, ბიოლოგიური მშობლებისა და მშვილებლების დაცვის უზრუნველყოფაა. სხვა სახელმწიფოში გაშვილება ბავშვის უფლებების პატივისცემით, უპირველესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით უნდა განხორციელდეს.
ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითმა ოქმმა ბავშვებით „ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“, დამატებითი ელემენტები შემოიტანა სახელმწიფოთაშორისი გაშვილების დანაშაულებრივ ნაწილში. მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დანაშაულად გამოაცხადონ ბავშვის გაშვილებაზე არასათანადოდ მოპოვებული თანხმობა, რომელიც შვილად აყვანის შესახებ საერთაშორისო დოკუმენტებს ეწინააღმდეგება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (მე-16 თავი), „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ქვეყნის ტერიტორიაზე შვილად აყვანის საკითხს.