შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით. მამის გარდაცვალების შემთხვევაში, ბავშვი დაქორწინებული მშობლისგან წარმოშობილად ჩაითვლება, თუ იგი დაიბადება მამის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს, ათი თვისა.
ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზეც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე, თვით ბავშვის განცხადებით, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (კარი II) არეგულირებს შვილების წარმოშობის დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.