ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და განვითარებას „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-19 მუხლის მიხედვით, ძალადობა განიმარტება, როგორც ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ყველა ფორმა, ყველა სახის დაზიანება და ცუდად მოპყრობა, უგულებელყოფა ან უხეშად მოპყრობა თუ ექსპლოატაცია, მათ შორის, სექსუალური ძალადობა. ძალადობა ასევე განიმარტება, როგორც ინდივიდის ან ჯგუფის მიერ ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების გამოყენება ან გამოყენების მუქარა განზრახ, რომლის შედეგად ბავშვის ჯანმრთელობას, გადარჩენას, განვითარებას ან ღირსებას ზიანი ადგება ან ამგვარი მაღალი ალბათობაა.
ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, ისე როგორც ადამიანის უფლებების ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება და დოკუმენტი დისკრიმინაციის აკრძალვისა და ყველა პირის ცხოვრებისა და ღირსების პატივისცემის პრინციპებს ეფუძნება. ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალი მკაფიოდ აღიარებს, რომ ძალადობა ადამიანის ღირსების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი ბავშვების ეკონომიკური და სოციალური ექსპლოატაციისგან დაცვას ითვალისწინებს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი ცალსახად კრძალავს ბავშვისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდის სიკვდილით დასჯას. დოკუმენტი ასევე, მოითხოვს ბრალდებულ და მსჯავრდებულ ბავშვებთან კარგად მოპყრობას, მათ მიმართ ძალადობის თავიდან არიდებისთვის. „ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენცია სრულად გამოიყენება 18 წლამდე გოგონების მიმართ. კონვენციის მე-16 (2) მუხლი სახელმწიფოებს ბავშვების დაწინდვისა და ქორწინების შემცირებისთვის სათანადო საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-16 მუხლის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ყველა ფორმის ექსპლოატაციისგან, ძალადობისა და ცუდად მოპყრობისგან დასაცავად ყველა ზომა უნდა გაატარონ და თითოეულმა სახელმწიფომ ბავშვების დაცვისთვის ბავშვზე ორიენტირებული კანონმდებლობა და პოლიტიკა შეიმუშაოს.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია ბავშვებზე ძალადობის საკითხებთან მიმართებით ყურადღებას პრევენციასა და რეაბილიტაციაზე ამახვილებს. კონვენციის მიზანი ბავშვების ემოციური და ფიზიკური ზიანის შიშისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უზრუნველსაყოფად ეკონომიკური და სოციალური მგრძნობელობის დაცვაა. პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად, ბავშვზე ძალადობის განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფომ ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და ინტეგრაციისთვის სათანადო ღონისძიებები უნდა გაატაროს.
კონვენციის მე-19 მუხლი სახელმწიფოებს მშობლისგან, კანონიერი მეურვისა თუ ნებისმიერი ადამიანისგან ძალადობისა და ცუდი მოპყრობის ყველა ფორმისგან ბავშვის დასაცავად ყველა ღონისძიების გატარებას ავალდებულებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაცვის ასეთი ზომები ბავშვისა და მასზე მზრუნველი პირების მხარდასაჭერად სოციალური პროგრამების შემუშავებისთვის ეფექტიან პროცედურებს უნდა ითვალისწინებდეს. სახელმწიფოებმა გაფრთხილებისა და გამოვლინების, შეტყობინების განსახილველად გადაცემის, გამოძიების, მკურნალობის საკითხებისა და ბავშვთან სასტიკი მოპყრობის შემთხვევებთან გამკლავების სხვა ღონისძიებებიც უნდა შეიმუშაონ და აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლო პროცედურის მექანიზმებიც შექმნან.ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ და ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი „შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ“ ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისოსამართლებრივი ჩარჩოს შექმნაში. ისინი ძალადობის კონკრეტული ფორმებისგან ბავშვების უფრო კონკრეტულ დაცვას ითვალისწინებენ.
2007 წელს, ევროპის საბჭომ ბავშვების მიმართ ძალდობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კონვენცია მიიღო - სექსუალური ექსპლოატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვების დაცვის კონვენცია. აღნიშნული დოკუმენტი ევროპის საბჭოს ფარგლებში მიღებული პირველი კონვენციაა, რომელიც ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმას მათ შორის, ოჯახში ან სახლში ძალადობას, ჩადენილს ბავშვის დაშინებით ან დარწმუნებით, დასჯად ქმედებად აცხადებს.
ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარების უმრავლესობა ბავშვების მიმართ ძალადობას მეტ-ნაკლებად ეხება, თუმცა, ამ საკითხზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია ზოგადი კომენტარი №8 „ბავშვის ფიზიკური დასჯისა და დასჯის სხვა სასტიკი ან დამამცირებელი ფორმებისგან დაცვის უფლება“. ზოგადი კომენტარის შესაბამისად, ფიზკური დასჯა არის ნებისმიერი დასჯა, რომელიც განხორციელდება ფიზიკური ძალის გამოყენებით და ტკივილისა და დისკომფორტის გამოწვევას ისახავს მიზნად, როგორი მსუბუქიც არ უნდა იყოს იგი.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფისგან დაცვას და მოითხოვს წევრი სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს ყველა სათანადო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სოციალური, საგანმანათლებლო და სხვა ზომა, რათა დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, როგორც სახლში, ისე მის გარეთ, ყველა სახის ექსპლუატაციის, ძალადობისა და ბოროტად მოპყრობისგან, მათ შორის, გენდერული ასპექტების გათვალისწინებით. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის პრევენციის, დამოუკიდებელი ხელისუფლების მხრიდან ეფექტური მონიტორინგის და ძალადობის მსხვერპლთა, ექსპლუატაციისა და ძალადობის რეაბილიტაციის პროგრამების უზრუნველსაყოფად. მოქმედი კანონმდებლობა და პოლიტიკა, მათ შორის ქალებსა და ბავშვებზე ორიენტირებული კანონმდებლობა და პოლიტიკა, უნდა უზრუნველყოფდეს იდენტიფიკაციას, გამოძიებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციის შემთხვევების, ძალადობისა და შეურაცხყოფის დევნას. კონვენცია აღიარებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები ხშირად ძალადობის, დაზიანების ან შეურაცხმყოფელი და უგულისყურო მოპყრობის, ცუდი მოპყრობის ან ექსპლუატაციის უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, სახლშიც და მის ფარგლებს გარეთაც.
ბავშვზე ძალადობის ფორმებია: ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, იძულება და უგულებელყოფა.