თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226.1 მუხლი განსაზღვრავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ დანაშაულებს), მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და მასთან დაკავშირებული უფლებები. ამის შემდეგ მოსამართლე არკვევს, თანახმაა თუ არა ბრალდებული, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. თუ ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს არ განაცხადებს, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თარიღს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 მსაჯულისაგან და 2 სათადარიგო მსაჯულისგან. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე ნაკლები - მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ათზე ნაკლები - განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019