აგ ად ავ აზ ათ ალ ამ ან არ ას ატ აუ აღ ახ
არა არტ

არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლები

ინგლ. Individual Characteristics of a Minor

არასრულწლოვნებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს მისი ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

აღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინება ხდება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში აისახება არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებები, დანაშაულის/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის რისკი და, შესაბამისად, არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის რეკომენდებული ღონისძიებები. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის შემდეგ სტადიებზე:

ა)განრიდების ღონისძიების განსაზღვრისას;ბ)სასჯელის დანიშვნისას; გ) საპატიმრო სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისას; დ)არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებისას; ე)პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას.

„ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიში კეთდება აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების შესახებ. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის სავალდებულო წესით ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ხოლო „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციარული სამსახური.

აღსანიშნავია, რომ პროკურორის დადგენილებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიში შესაძლებელია მომზადდეს და გათვალისწინებულ იქნას სხვა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტადიაზეც, თუ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობა და ვადები ამის შესაძლებლობას იძლევა.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9