ვა ვე ვი ვლ ვნ ვო ვრ ვუ
ვად ვაზ ვაკ ვალ ვამ ვან ვარ ვას ვატ ვაშ ვაც ვახ

ვახტანგ I გორგასალი

(დაახლ. V ს, 40-იანი წწ. - 502 წ.) (ქსე) ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი. „გორგასალი“ (სპარსულად „მგლისთავა“) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონია გამოსახული. იბრძოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან, ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის, შეუზღუდველი სამეფო ხელისუფლებისათვის. V ს. 60-იან წწ. ვ. I-მა დაიწყო მზადება ირანელთა განდევნისათვის. მან პირველ რიგში მოახდინა ეკლესიის რეორგანიზაცია - ეპისკოპოსთა ნაცვლად კათალიკოსობა დააწესა. გააცხოველა კავშირი კონსტანტინოპოლთან. ააშენა ახალი და გაამაგრა ძველი ციხეები და ქალაქები. დიდი მშენებლობები ჩაატარა უჯარმას და თბილისში. თბილისში აპირებდა იგი დედაქალაქის გადატანას, რაც განახორციელა მისმა შვილმა დაჩიმ. ვ. I-მა ხელთ იგდო კავკასიონზე გადმოსასვლელები, რომლებიც მანამდე ირანელებს ეჭირათ. 80-იანი წლების დასაწყისში ირანელებს გაურთულდათ მდგომარეობა შუა აზიაში ამით ისარგებლა ვ. I-მა და 482 წ. დაიწყო აჯანყება ირანელთა წინააღმდეგ. უპირველეს ყოვლისა, ვ. I-მა მოაკვლევინა ქართლის ოპოზიციონერი ფეოდალი ვარსქენ პიტიახში. აჯანყებული ქართველები ბრძოლის პირველ ეტაპზე დამარცხდნენ. მაგრამ ირანელებს ცუდად წაუვიდათ საქმე შუა აზიაში, მოკლეს თვით შაჰი ბეროზი. ამან ირანელები აიძულა ზოგი რამ დაეთმოთ აჯანყებულთათვის. ვ. I.-მა სიცოცხლე შესწირა ირანელებთან ბრძოლას (მოსყიდულმა მონასპამ იცოდა, რომ ჯაჭვის პერანგი გარღვეული ჰქონდა და ესროლა მოწამლული ისარი; ამ ჭრილობისაგან გარდაიცვალა იგი). დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში. ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მეფე ლეგენდარულ ეროვნულ გმირად იქცა. XI ს. ისტორიკოსი ჯუანშერი თავის მხატვრულ-ისტორიულ წიგნში „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ აქებდა და ადიდებდა მას.
 
„ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა. იალბუზზე ფეხი შედგა დიდმა მთებმა იწყეს დრეკა“ (ხალხური).
იხ. აგრეთვე: გორგასალი
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9