გადამეტება, გადაჭარბება – საგნის, მოვლენის, მოქმედების თუ ქცევის გადაჭარბებულად წარმოდგენა, მხატვრული გაზვიადება. ჰ. ტროპის სახეა, გამოსახვის სტილისტური ხერხია. ჰ. ხაზს უსვამს პოეტური სახის გრანდიოზულობას, აძლიერებს შთაბეჭდილებას წარმოსახვის ემოციურ მომენტს, მხატვრულ გაზვიადებაში ავტორი საგანგებოდ არჩევს საგნებსა და სიტყვებს რომლებითაც მკითხველის ყურადღების მიპყრობა იქნება შესაძლებელი. პ.-ს იყენებს როგორც მხატვრული ლიტერატურა, ასევე ხალხური პოეზია. ჰიპერბოლური შეიძლება იყოს შედარება, ეპითეტი, მეტაფორა, გაპიროვნებაც. ჰიპერბოლურობა მაშინ არის მაღალპოეტური, როცა იგი არ სცილდება მხატვრულ ზომიერებას.(ანდ. ჭილაია)
- „აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამ ადიდებულსა დიდ მტკვარსა დავაყენებ და ყლაპს ვუზამ.“ (ხალხური).
- „კაცი კაცსა შემოვტყორცნე ცხენ-კაცისა დავდგი გორი.“ („ვეფხისტყაოსანი“. - შ.რუსთ.).
- „დავით თქვა „იყავნ ქალაქნი“ და აღმოცენდნენ ქალაქნი, დაჰკრა წერაქვი და აღჩნდნენ ტაძარნი ტურფად ნაშენნი. “(„სადღეგრძელო“ – გრ. ორბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3