ფეოდალური სამთავრო XVII-XVIII. სს. დასაწყისში, დას. საქართველოში. საქართველოს სამეფოს სამთავროებად დაშლის დროს (XV ს. II ნახევარი) აფხაზეთი ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში შედიოდა. XVI ს. ბოლოდან აფხაზმა ფეოდალებმა შერვაშიძეების მეთაურობით იწყეს განკერძოებისათვის ბრძოლა, რომელიც XVII ს. დასაწყისში დამთავრდა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავროს შექმნით. საზღვარი იყო მდ. კოდორი. აფხაზი ფეოდალები სამთავროს გასაფართოებლად ებრძოდნენ დადიანებს, ცდილობდნენ დაჰპატრონებოდნენ სამეგრელოს მიწა-წყალს მდ. კოდორის მარცხენა ნაპირზე. ბოლოს აფხაზებმა საზღვარი მდ. ენგურამდე გადასწიეს. XVII-XVIII ს.-ის მთავარ ზეგნაყ შერვაშიძის შვილებმა აფხაზეთი ერთმანეთში დაინაწილეს. როსტომს ერგო ტერიტორია მდ. ბზიფსა და კოდორს შორის, ჯიქეშიას – კოდორსა და ღალიძგას შუა (აბჟუა), ყვაპუს – ღალიძგასა და ენგურს შუა, რომელსაც შემდგომ სამურზაყანო ეწოდა (სახელწოდება წარმოდგება ყვაპუს შვილის მურზაყან- ის სახელისაგან), ფორმალურად ა. ს. იმერეთის სამთავროში შედიოდა. სამთავროს სათავეში ედგა მთავარი (აფხაზურად „აჰ“), · მისი რეზიდენცია იყო ლიხნში. ა. ს. იყოფოდა რამდენიმე ოლქად: ბზიფი, საძნი, გუმა, აბუუა, სამურზაყანო და წაბალდალი. აფხაზ მთავარსა და უფლისწულებს თავადების გარდა ყმა-ვასალებად ჰყავდათ აზნაურებიც. XVI ს.-ში აფხაზეთი, ისე როგორც მთელი დას. საქართველო, ოსმალთა გავლენა-ბატონობის სფეროში მოექცა და ხარკს უხდიდა მას. ოსმალეთი სრულ დამორჩილებასა და ასიმილაციას ისახავდა მიზნად. თანდათანობით ვრცელდებოდა ისლამი. თურქი დამპყრობლებისა და ადგილობრივი ფეოდალების გარკვეული ნაწილის წყალობით გავრცელდა „ტყვის სყიდვა.“ დიდძალი აფხაზი ჭაბუკი და ქალწული იყიდებოდა სკურჩასა და სოხუმში. აფხაზი ხალხი აქტიურად იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ- 1733 წელს ოსმალთა მრავალრიცხოვანმა ჯარმა გააპარტახა სამეგრელოსა და აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამან გამოიწვია საყოველთაო- სახალხო აჯანყება. აფხაზებმა დაამარცხეს ოსმალთა ჯარი და განდევნეს ქვეყნის უდიდესი ნაწილიდან. 1810 წელს რუსეთთან შეერთების შემდეგ აფხაზეთი გათავისუფლდა ოსმალეთისაგან. აფხაზური ენა შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ჩრდილო-დასავლურ, აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3