აზონი, ლეგენდარული პირი, ალ. მაკედონელის ერთ–ერთი სარდალი. იხსენიება ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებში. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ თანახმად ა. ქართლის მეფის შვილი იყო. მას თავისი მამის ქვეყნიდან, ქართველების პირვანდელი სამშობლოდან (იხ. არიან ქართლი) წამოუყვანია სახლი (გვარი), დაუსახლებია მცხეთასა და მის მიდამოებში. ასე წარმოქმნილა ქართლის სამეფო, რომლის პირველი მეფე თვითონ ა. გამხდარა. ლეონტი მროველის ცნობით, აზონი ბერძენია, ქართველთა მტერი; ალექსანდრე მაკედონელს მმართველად დაუყენებია მცხეთაში. ქართველები ფარნავაზ მცხეთელისა და ეგრისის ერისთავ ქუჯის წინამძღოლობით აჯანყებიან აზონს, სამშობლო ბერძენთა უღლისაგან გაუთავისუფლებიათ, დაუარსებიათ ქართლის სამეფო და პირველ მეფედ ფარნავაზი დაუსვამთ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3