სელჩუკთა სახელმწიფოში სულთნის მემკვიდრის აღმზრდელი და მეურვე. საქართველოში ა. იყო ერთ-ერთი ვაზირი. მის ფუნქციებში შედიოდა ტახტის მემკვიდრის აღზრდა. ათაბაგობა საქართველოში დამკვიდრდა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურად განწყობილი მსხვილი ფეოდალების გაძლიერების შედეგად. 1212 წ. ეს თანამდებობა პირველად ებოძა ივანე მხარგრძელს. ათაბაგობა დაუპირისპირდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობას. ათაბაგობასთან ხშირად შეთავსებული იყო ამირსპასალარის თანამდებობაც. 1334 წ. გიორგი V-მ ეს თანამდებობა უბოძა თავის ბიძას, სამცხის მთავარს სარგის ჯაყელს. საქართველოს დანაწილების შემდეგ ათაბაგობა როგორც ვეზირობა, მოისპო. „ა.“ სამცხის მთავართა ტიტულად იქცა
- „ათაბაგად ქცეულმა ჯაყელებმა ფაშობა მიიღეს“ („არსენა მარაბდელი“ მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3