ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. მრავალი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი, მათ შორის რუსთაველის სახელობის პრემია (1988). სწავლობდა თბილისში კავკასიის საზოგადოების ნატიფი ხელოვნების, ფერწერისა და ქანდაკების წამახალისებელ სკოლაში. 1914 წელს ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები. 1917 წელს მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში — გაეცნო ქართულ ძეგლებს იღებდა ფრესკების პირებს; 1919 მონაწილეობდა რესტორან „ქიმერიონის“ მოხატვაში (თბილისი). მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, ბელგიაში, ამერიკაში. მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა. გ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა მონუმენტურ დეკორაციულ მხატვრობას. აქტიურად მონაწილეობდა წიგნების, თეატრებისა და კინოს მხატვრულ გაფორმებაში. გუდიაშვილი ეკუთვნის იმ შემოქმედთა რიცხვს, რომელთა მიზანი ხელოვნებაში იყო ეროვნული ფორმის ძიება. დიდი გავლენა მოახდინა მასზე ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ. გ-მა შექმნა ისტორიულ პირთა და თანამედროვეთა პორტრეტები: „ნიკო ფიროსმანაშვილი“, „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, „ბექა და ბეშქენ ოპიზრები“, „თამარ ციციშვილი“, „ნინო გუდიაშვილი“, „აკად. დ. უზნაძე“, „ნათელა ახვლედიანი“; ადამიანის ნათელი და ბნელი საწყისების ამსახველი ჟანრული სცენები: „ბოროტი ოჯახი“, „ფლიდი ცოლი“, „ახალი და ძველი“, „ვეფხის მკურნალი.“ ქართველ მხატვართაგან გ.- მა პირველმა დაასურათა და გრაფიკულად გააფორმა „ვეფხისტყაოსანი“ (1934). მას ეკუთვნის ს. ს. ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ დასურათებაც. გ. თავის ნახატებში ხან სადღესასწაულო, ამაღლებულ „ზღაპრულ“ განწყობილებას ქმნის, ხან ფსიქოლოგიურად ღრმასა და დრამატულს, ხან გროტესკს. გამოირჩევა დახვეწილი და დასრულებული კომპოზიციით, დეკორატიულობითა ორნამენტულობით. გ-ის შემოქმედებამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გამოცემულია მისდამი მიძღვნილი მრავალი ალბომი და წიგნი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3