(1696-1757 წწ.) (ქ.მწ) პოეტი, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი, ისტორიკოსი, გეოგრაფოსი. თავდაპირველი განათლება მიიღო მამის ვახტანგ VI-ის კარზე, დეკანოზ იასე გარსევანიშვილის ხელმძღვანელობით; განისწავლა როგორც სასულიერო, ასევე საერო ლიტერატურაში. ვარაუდობენ, რომ თბილისში ევროპული განათლებაც უნდა მიეღო, ყოველ შემთხვევაში ლათინური კარგად იცოდა. იყო ქართლის პოლიტიკური ცხოვრების მონაწილე. ვახტანგ მეფეს ეხმარებოდა როგორც საშინაო, ისე საგარეო ვითარების ნორმალიზაციის საქმეში. I724 წ. ვახუშტი, ვითარცა ვახტანგ VI-ის ამალის წევრი, რუსეთს გაემგზავრა, მოსკოვში დასახლდა და ხელი მიჰყო ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო მოსკოვის უნივერსიტეტის დაარსებაში, რის გამოც მისი სახელი ვარაყით გამოუყვანიათ უნივერსიტეტის მარმარილოს დაფაზე. მოსკოვსვე გარდაიცვალა, დასაფლავებულია დონის მონასტერში. „ქართველნი სალაშქროთა შინა ახოვანნი, საჭურველმოყვარულნი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მაძიებელნი ესრეთ, რამეთუ თვისთა სახელთათვის არა რიდებენ ქვეყანასა და მეფესა თვისსა.“ (ვახუშტი)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3