ერისკაცობაში ანდრია (1650-1716), რუმინეთის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, განმანათლებელი, მესტამბე, მწერალი, მხატვარი, ვლახეთის მიტროპოლიტი. წარმოშობით ქართველი. ოსმალებმა მოიტაცეს საქართველოდან. სტამბულში ტყვეობიდან გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა. მის კარზევე მიიღო განათლება. იცოდა რამდენიმე ევროპული და აღმოსავლური ენა. მთელი მოღვაწეობა მიუძღვნა მან რუმინეთის ეროვნული კულტურის განვითარებას. დიდი წვლილი შეიტანა რუმინეთის სალიტერატურო ენის განვითარებისა და წიგნის ბეჭდვის საქმეში. მის მიერ დაარსებულ სტამბაში მისივე ხელმძღვანელობით იბეჭდებოდა წიგნები. მას ეკუთვნის რამდენიმე ორიგინალური თხზულება. ა. ი-მა მოაჩუქურთმა მის მიერვე ბუქარესტში აგებული მონასტრის („ანთიმოზის მონასტერი“) მთავარი კარი და სარკმლები, რომელთა ორნამენტში ქართული სტილი შერწყმულია რუმინულთან. ბ. ი-ის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის სტამბის (1703 წ.) დაარსება და იმავე წელს ქართულად სახარების დაბეჭდვა. ა. ი.-ს ანტიოსმალური ორიენტაციის გამო უთანხმოება მოუვიდა რუმინეთის მთავართან, რის გამოც იგი შეიპყრეს, აჰყარეს სასულიერო ღირსება (დაუბრუნეს ერისკაცობის სახელი ანდრია) და მიუსაჯეს სამუდამო ექსორია სინას მთაზე. მაგრამ გზაში თანმხლებმა იანიჩრებმა მოკლეს და მისი გვამი მდინარეში ჩააგდეს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3