ქართველი ხალხის თავდაპირველი სამშობლო მატიანე „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით. აე წყაროს ცნობით (ძვ. წ. 356-323), ალ. მაკედონელის მიერ თითქოს მცხეთაში მმართველად დატოვებული მისი ერთ-ერთი სარდალი აზო არიან ქართლის მეფის შვილი იყო. აზო წასულა მამის ქვეყანაში „არიან-ქართლად“, იქიდან წამოუყვანია საკუთარი სახლი (ე. ი. გვარი) და 18 სახლი „მამამძუძეთა“ (აღმზრდელთა), წამოუღია არიან-ქართველთა ღმერთების გაცისა და გას კერპები და მცხეთაში დასახლებულა. ამ თქმულებაში ჩანს სხვადასხვა თქმულებების გამოძახილი, ხოლო ქართველთა გადმოსახლების ამბავი ახლანდელი ქართლის მიწა-წყალზე ეხმაურება ძვ. სომხურ მწერლობაში (მოსე ხონელთან) დამოწმებულ გადმოცემას ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართველთა გადმოსახლების შესახებ სპარსეთის იმპერიის უკანასკნელი მეფის დარიოს სატრაპის მითრიდატეს მეთაურობით. როგორც ჩანს, ქართველთა ერთი, სხვებისაგან განსხვავებული ნაკადის შემოსვლა მცხეთის რეგიონში გვიანანტიკურ-ადრე ელინისტურ ხანში ახლოს უნდა იყოს სინამდვილესთან. ამ ნაკადის თავდაპირველი ადგილსამყოფელი (არიან-ქართლი) ისტ. საქართველოს სამხ. დასავ. მხარეში უნდა ყოფილიყო, რომელსაც უფრო ჩრდილოეთით მოსახლე ქართველი მოსახლეობა , „არიან-ქართველს,“ ანუ. რაც იგივეა, „ირანის ქართლს“ უწოდებდა. ეს რეგიონი მართლაც უშუალოდ იყო მოქცეული აქემენიდური ხანის ირანის შემადგენლობაში. ქართველთა ამ გადმოსახლების შესახებ ცნობაში მცირე აზიის აღმ. ნაწილში დამკვიდრებული მესხების (მუშქების) ქართველური ტომების ერთი ნაკადის გამოძახილს ხედავს მესხეთისა და შემდეგ ქართლის ცენტ რაიონების მიმართულებით, რომელთაც აქტიური როლი შეასრულეს ძველი ქართლის (იბერიის) სამეფოს ჩამოყალიბებაში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3