ქართველთა ბრძოლა ოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II-ის სარდლობით რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმს, რომელსაც ამიერკავკასიის ფრონტზე ოსმალთა ძალების ნაწილი უნდა მიეზიდა, ერეკლე II-მ შესთავაზა რუს-ქართველთა ერთობლივი ძალებით ახალციხეზე გალაშქრება. მისი მიზანი იყო მესხეთის განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან. რუსთა სამხედრო რაზმს (1200 კაცი) გენერალი ტოტლებენი მეთაურობდა. ქართველთა ლაშქარს (7000 კაცი) – ერეკლე I. ამ ბრძოლაში ერეკლე მეფემ უდიდესი სტრატეგიული ნიჭი გამოამჟღავნა, რის გამოც მასზე ლეგენდები დადიოდა. ოსმალ–ლეკთა 8 მ–ათასიან კორპუსს მტკვარზე გაღმოსვლის საშუალება მისცა, ღამით კი მალულად გადაახერხინა ხიდის თავხეები („ისრები“), ამით მტერს უკან დასახევი გზა მოუჭრა. გამარჯვებულმა ქართველებმა ხელთ იგდეს ტყვეები, დროშები, ცხენები, დიდძალი იარაღი (ეს საბრძოლო მანევრი აკ. წერეთელმა გამოიყენა „თორნიკე ერისთავში“).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3