ქრისტიანული რელიგიის მიხედვით იესო ქრისტეს „მკვდრეთით აღდგომის“ აღსანიშნავი მთავარი ქრისტიანული დღესასწაული. იგი მოძრავია და აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ სავსე მთვარის მომდევნო კვირა დღეს. (ბიბლ. ენა) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ქრისტიანული რწმენის ქვაკუთხედია „ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და თქვენ კვლავ ცოდვებში ხართ“ – წერდა პავლე მოციქული. მოციქულებმა თავად იხილეს აღდგომის შემდგომაც. პავლე ჩამოთვლის იმ ადამიანებს, ვინც გაცოცხლებული ქრისტე ნახა. ერთ ღამეში სუსტი და სულმოკლე მოწაფეების მცირე ჯგუფი უშიშარი ადამიანების დასად გადაიქცა, რომლებიც მკვდრეთით აღმდგარი უფლის ძალით ქადაგებდნენ და სასწაულებს ახდენდნენ. ვინც ქრისტიანი ხდება თავის სიცოცხლეს უერთებს მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის სიცოცხლეს. როგორც ყველა სხვა ადამიანს, მორწმუნესაც შეხვდება ფიზიკური სიკვდილი, მაგრამ მომავალში მათ ელოდებათ ახალი სიცოცხლე, რომელიც ურთიერთობაში იქნება ქრისტესთან. ქრისტიანები სასოებენ არა სულის უკვდავების იდეას (იხ ბერძნული ფილოსოფიის იდეა) არამედ მთლიანად ადამიანური პიროვნების აღდგომას ახალ და მშვენიერ სხეულში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3