ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიური და კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი; მდებარეობს თბილისის სამხ.-აღმ.-ით 60-70 კმ-ზე, ისტორიულ კუთხეში, გარეჯის კლდოვან მთებში. დაარსებულია VI ს. I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს (იხ. ასურელი მამები), რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით. დავითის ლავრას სხვა მონასტრებიც მიემატა; მათმა რიცხვმა თორმეტს მიაღწია. დ. ზ.-ს მშენებლობამ მწვერვალს XII- XIII ს.ს. მიჯნაზე მიაღწია. აქ გამომუშავდა მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა. იგი მკვეთრად განსხვავდებოდა სხვა მონასტრებისაგან. აქ უბრალოებისა და უშუალობის ნაცვლად თავი იჩინა დიდებულებამ, გრანდიოზულობამ, ინტერესმა ფართო, თავისუფალი სივრცისადმი. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა ეკლესიებისა და სატრაპეზოების მოხატულობა; განსაკუთრებით ქტიტორთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებები, საქართველოს მეფეთა პორტრეტები. დ. გ. განათლების მძლავრი კერა იყო. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე, ს. ს. ორბელიანი, გაბრიელ საგინაშვილი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი და სხვა ისინი ეწეოდნენ შემოქმედებით შრომას; ამრავლებდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. აქ დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი. „ზაალის ბრძანებით ოძელაშვილი საკალმასოდ მოსულ ბერს გაჰყვა და ყოველგვარი ნუზლი ხუთი ურმით ჩაუტანა გარეჯის უდაბნოში“ („არსენა მარაბდელი“ მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3