(ძვ. წ. X ს-ის მიწურული, დაახლ. 250 წ.) (ქსე) იუდეველთა და ისრაელთა გაერთიანებული სამეფოს დამაარსებელი და პირველი მეფე. ბეთლემელი იესეს ძე. ბიბლიის მიხედვით დ. მწყემსი ყოფილა მწყემსობის დროს მან შვიდსიმიანი საკრავი-ქნარი გააკეთა და მშვენივრად უკრავდა მასზე. ღვთის სადიდებელ ვედრებას იგი ლექსად თხზავდა და ქნარის თანხლებით მღეროდა (დავითის საგალობლები თავმოყრილია ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში, რომელსაც „დავითნი“ ანუ „ფსალმუნნი“ ეწოდება). დ.-მა გააერთიანა და გააძლიერა სამეფო და დედაქალაქად იერუსალიმი აირჩია; იგი რელიგიურ ცენტრად გამოცხადდა. ამ მიზნით აქ „კიდობანი იგი შჯულისაი“ გადმოასვენა. დ.-ის მიერ დაარსებულმა დინასტიამ ძვ. წ. 508-მდე იმეფა. თავის შვილს სოლომონს მან დაუტოვა ძლიერი სახელმწიფო. რელიგიური ტრადიცია დ.-ს მიაწერს „ფსალმუნთა“ (ქართული „დავითნი“) შედგენას: „ანგელოზთაგან იკრთოდა მუნ დავითის ქნარი, და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!“ („ეპოვე ტაძარი“ ნ. ბარათ.). „კახეთის მეფე თეიმურაზ პირველი დავით წინასწარმეტყველს ეტოლებოდა თავის გუნებაში. ის კი ავიწყდებოდა, რომ ის ებრძოდა ამალეკთა და ეს თათარ-ლეკთა“ („ბაში-აჩუკი“ აკ. წერ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3