(1745-1824) დავით ალექსის ძე მესხიშვილი, ქართველი მეცნიერი, მწიგნობარი, პედაგოგი, კალიგრაფი. ერეკლე II-ის კარზე მდივან-მწიგნობარი იყო და გაიოზ რექტორთან ერთად ხელმძღვანელობდა განათლების საქმეს. იყო თელავის სემინარიის რექტორი. ეწეოდა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას. სემინარიაში ასწავლიდა გრამატიკას, თეორიულ ფიზიკას, ეთიკას. მაგრამ ოფიციალური სასწავლო გეგმები არ აკმაყოფილებდა. ფართოდ გაშალა სემინარიაში საგანმანათლებლო მუშაობა. ავტორია მრავალი სახელმძღვნელოსი. შეადგინა ხელნაწერთა სიები კატალოგი. ეწეოდა ლექსიკოგრაფიულ მუშაობას. ეტყობა ანტონ I-ის სქოლასტიკური სკოლის გავლენა. იგი დახვეწილი და ნაყოფიერი კალიგრაფი იყო. მის მიერ არის გადაწერილი ქართულ სიტყვაკაზმული მწერლობის ორტომიანი ანთოლოგია. „მიმართვას ხელს აწერდნენ მეფის ძე იოანე, ეშიკაღას-ბაში მაყაშვილი, მეითარი თარხნიშვილი. თელავის სემინარიის რექტორი დავითი“ („არსენა მარაბდელი“ მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3