(1821-1881) (ქსე) რუსი მწერალი. დაიბადა ექიმის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის სამხ.-საინჟ. სასწავლებელი. პირველივე ნაწარმოებმა („საბრალო ადამიანები“) გაუთქვა სახელი განიცდიდა ბელინსკისა და სოციალისტ-უტოპისტთა გავლენას. 1849 წ. დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ სიკვდილი შეუცვალეს ციმბირის კატორღით. კატორღის შემდეგ სალდათად გაამწესეს. მხოლოდ 1859 წ. დართეს ცენტრალურ რუსეთში დაბრუნების ნება. მისი ნაწარმოებებია: „ბიძის სიზმარი,“ „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი,“ „ბარათები მკვდარი სახლიდან.“ ციმბირში ფიზიკურმა და ზნეობრივმა ტანჯვამ ვერ ჩაკლა მასში ადამიანისადმი რწმენა. პირიქით, გაუმძაფრა ბრძოლის სურვილი. დ-ის მთავარი რომანებია: „დანაშაული და სასჯელი,“ „იდიოტი“ „ეშმაკნი,“ „ყმაწვილი,“ „ძმები კარამაზოვები“ დ. ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა; ძმასთან ერთად გამოსცემდა ჟურნალებს: „ვრემია,“ „ებოსა,“ „გრაჟდანინ,“ რომლებშიც ბეჭდავდა „მწერლის დღიურს.“ დ.-ის შემოქმედებაში ჩანს ტრაგედია პიროვნებისა, რომლის ადამიანური ღირსება შებღალულია უსამართლო საზოგადოების მკაცრი კანონებით და ცდილობს შეუნარჩუნოს ადამიანს რწმენა საკუთარი შესაძლებლობისადმი და არ წაართვას მას მომავალი: „ადამიანებს, შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი, და არ დაკარგონ დედამიწაზე ცხოვრების უნარი. მე არ მინდა და არ შემიძლია დავიჯერო, რომ ბოროტება შეიძლება იყოს ადამიანის ნორმალური მდგომარეობა.“ „დიდ მწერალ დოსტოევსკის ანდერძი აქვს დატოვებული მშვენიერება დაიხსნის ქვეყანასო. ეს ანდერძი უნდა ახსოვდეს ყველას, ვინც კი წასაკითხავად აიღებს წიგნს“ (რ. ინანიშვილის ბიოგრ-სასკ. სახ–ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3