ცხოვრებაში მომხდარი მძიმე შემთხვევა, რაც ზნეობრივ ტანჯვას იწვევს; ოჯახური დრამა. ფართო გაგებით ლიტერატურული ნაწარმოები, რომლის თავისებურებაა სინამდვილის მხატვრული ასახვა უშუალო მოქმედებით, დიალოგის და მონოლოგის ფორმით. ლირიკისაგან განსხვავებით, დ. განასახიერებს არა მწერლის შინაგან განცდებს, არამედ მისგან მკვეთრად განრიდებულ, გაობიექტურებულ სინამდვილეს. ეპოსისაგან განსხვავებით, დ-ში სინამდვილე წარმოისახება და სიუჟეტი ვითარდება არა თხრობის გარეთ, არამედ პერსონაჟთა მოქმედების მეშვეობით. არისტოტელეს აზრით, ესაა ასახვა მოქმედებით და არა მოთხრობით („პოეტიკა“); ავტორი ჩანს მხოლოდ რემარკებში. დ.-ს საფუძვლად უდევს მძაფრი ცხოვრებისეული კონფლიქტი, რომლის გარშემო კონცენტრირებულია მთელი მოქმედება. დ.-ის ჟანრებია: კომედია, ტრაგედია, დრამა (ვიწრო გაგებით) ვოდევილი, ფარსი; დ.-ის პირველწყაროდ მიიჩნევენ ღვთაება დიონისესადმი მიძღვნილ საკუ- ლტო ცერემონიალს, საიდანაც ძვ. წ. VI-V ს. ს. ჩამოყალიბდა ტრაგედია და კომედია. ანტიკური დ-ის განვითარების მწვერვალია ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს ტრაგედიები, არისტოფანესა და მესანდრეს კომედიები. ანტიკური დ..თვის დამახასიათებელი იყო მოქმედების, ადგილისა და დროის მკაცრი რეგლამენტაცია, რაც კლასიცისტებთან კანონიკურ პრინციპად იქცა. დ. ვიწრო გაგებით დრამატურგიის ერთ-ერთი ჟანრია. იგი წარმოიშვა XVIII ს-ის ევროპაში ე. წ. მესამე წოდების სოციალური და ესთეტიკური პრინციპების შემუშავებაში. (ლესინგი, დიდრო „ნათან ბრძენი,“ „უკანონო შვილი“) ტრაგედიისაგან განსხვავებით იგი ასახავს კონკრეტულ ყოველდღიურ ცხოვრებას, ოჯახურ თუ საზოგადოებრივ კონფლიქტს. დ.-ის გმირები არ არიან ისეთი დიდი საკაცობრიო მიზნებისა და იდეალებისათვის მებრძოლნი, ძლიერი ნებისყოფისა და ვნებების ადამიანები, როგორც ტრაგედიის პერსონაჟებია. ამიტომ აქ მოქმედება არ ვითარდება მძაფრი და ტრაგიკული კოლიზიებით. იგი ნაკლებად ექსპრესიულია, უფრო მშვიდია დ. წარმოსახავს კომიკურ ეპიზოდებსა და სიტუაციებსაც, მაგრამ კომედიისაგან განსხვავებით მასში მაინც სერიოზული ტონი ბატონობს. დ. არ იფარგლება ცალმხრივი განვითარებით; იგი უფრო შუალედური ჟანრია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3