სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი, ალ. ჭავჭავაძის ასული. 1836. წ. ცოლად გაჰყვა დავით დადიანს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შვილის ნიკოს სრულწლოვნებამდე რუსეთის იმპერატორმა რეგენტად დაამტკიცა. ყირიმის ომი დროს ოსმალების თავდასხმისაგან იცავდა სამთავროს. პირადად მონაწილეობდა მტრის რაზმებზე თავდასხმაში. 1856 წ. მიიწვიეს პეტერბურგში, სადაც დიდი პატივით მიიღეს და მიანიჭეს „სტატს დამის“ წოდება და წმ. გიორგის მედლით დააჯილდოეს. 1857 წ. სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. მთავრობამ ეს მომენტი სამთავროს გაუქმებისათვის გამოიყენა. სამეგრელოს მმართველად გენერალი კოლუბიაკინი დაინიშნა. ფაქტობრივად სამეგრელოს ავტონომიის გაუქმება იყო. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ე. დ.-მა სამეგრელოში გაატარა. დაკრძალულია მარტვილის ტაძარში. ე. დ.-მა შემოუნახა შთამომავლობას ნ. ბარათაშვილის ლექსებისა და პოემა „ბედი ქართლისას“ ავტორისეული ხელნაწერი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3