ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბაჟ ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაჩ ბაც ბახ ბაჯ

ბარნოვი (ბარნაველი) ვასილ ზაქარიას ძე

(1856-1954)ქართველი მწერალი. დაიბადა სოფელ კოდაში, მღვდლის ოჯახში. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იქვე მასწავლებლობდა. 1882 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორიული განყოფილება. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. მისი პირველი რომანია „ისნის ცისკარი.“ ბ. ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელია. მისთვის ისტორიული მოვლენების ასახვა თვითმიზანი არ არის, მწერლის ყურადღების ცენტრშია ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. ბ.-სათვის ღმერთი კეთილი და ნათელი აბსოლუტი არის სამყაროს პირველმიზეზიც და განვითარების საბოლოო მიზანიც. ამ ქვეყანას ღმერთი სიყვარულისა და მშვენიერების სახით ევლინება; სიყვარული ღვთაებრივია და ამდენად უკვდავი; სიყვარულის დათრგუნვის ცდა მარცხით მთავრდება (რომანები „მიმქრალი შარავანდედი“, „ტრფობა წამებული“). მშვენიერება მატერიალურია, მაგრამ ისწრაფვის ღვთაებრივისაკენ და საბოლოოდ ღმერთს უერთდება (მოთხ. „ძვირფასი თვალი“). ბ.-ის მიზანია კეთილისა და ბოროტის მარადიული ბრძოლის წარმოდგენა. მისი აზრით, სამყაროს თუმცა კი ღვთის ნება განაგებს, მაგრამ „განგების რჩეულს“, „რაინდს კეთილსა“, ე. ი. დიდ პიროვნებას ძალუძს წარმართოს ქვეყნის შინაგანი ძალები კეთილის გამარჯვებისათვის. მწერლის იდეური ჩანაფიქრი დიდ ისტორიულ ძვრებს („ტრფობა წამებული“, „არმაზის მსხვრევა“, „გიორგი სააკაძე) ან შემთხვევით ისტორიულ ცნობებს („მიმქრალი შარავანდედი, „დედოფალი ბიზანტიისა, „ცოდვა სიჭაბუკისა) ემყარება. ზოგჯერ სიუჟეტი მთლიანად გამოგონილია, მხოლოდ ფონია ისტორიული („ისნის ცისკარი). ბ-ის პროზის რიტმულობა, რამდენადმე ხელოვნური სინტაქსური წყობა, ძვ. ქართული მწერლობისა და ხალხური ზეპირმეტყველების მარაგით გამდიდრებული ლექსიკა განუმეორებელ ელფერს ანიჭებს მის სამწერლო სტილს. ბ.-ის ნარკვევებსა და წერილებში გაშუქებულია ქართული მითოლოგიისა და საგმირო ეპოსის საყურადღებო საკითხები. მისი ნაწარმოებები მრავალგზის არის გამოცემული; თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9