ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ ეჩ ეჯ
ექვ ექს

ექვთიმე ათონელი

(დაახლ. 955-1038) (ქ. მწ. საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი, ფუძემდებელი და უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი ათონის ქართული სალიტერატურო სკოლისა. დაიბადა სამხრეთ საქართველოში, დიდგვაროვანთა ოჯახში, მამამისი ბერად იყო აღკვეცილი იოანეს სახელით. პატარა ექვთიმეს თავი გამოსთხოვა იმპერატორს, მონასტერში (ოლიმპოს მთაზე) წაიყვანა და იქ ექვთიმეს სახელით ბერად აღკვეცა. მანვე გაწვრთნა ექვთიმე ქართულსა და ბერძნულ ღვთისმეტყველებაში. მამამ დაუსახა მიზნად საღვთისმეტყველო ფილოსოფიური ლიტერატურის თარგმნა ბერძნულიდან ქართულად. „შვილო ჩემო, ქართლსა ქვეყანად ღიდად ნაკლულოვან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლიან, და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა აწ იღვაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან.“ 965 წელს მამა-შვილი ათონის მთაზევე ათანასე დიდის ლავრაში დაემკვიდრა. წელს ქართველებმა დაამთავრეს ათონის მთაზე საკუთარი სავანის ივერიის ღვთისმშობლის მონასტრის მშენებლობა. ამ მონასტრის წინამძღვარი, მამის გარდაცვალების შემდეგ ექვთიმე ყოფილა. ექვთიმემ დიდად გაითქვა სახელი. იყო ივერიონის წინამძღვარი და ათონის დიდი ლავრის „სულიერი ეპიტროპი“. იგი მხოლოდ ფორმალურად არ ასრულებდა ამ დიდ მოვალეობას. ათონის მთის ჩვენამდე მოღწეულ ბერძნულ აქტებს ექვთიმე ხელს აწერს ბერძენთა დიდი ლავრის იკონომოსის ტიტულითაც. როგორც ცნობილია გზად მიმავალი გარდაიცვალა და დაკრძალულ იქნა ივერიის მონასტერში ათონის მთაზე. ექვთიმეს საქმიანობაში უმთავრესი იყო მისი ლიტერატურული საქმიანობა. მან საგრძნობი კვალი დააჩნია ბიზანტიურ ლიტერატურას. ბერძნულ ენაზე წერდა ორიგინალურ ლიტერატურულ თხზულებებს. მან ქართულიდან ბერძნულად თარგმნა შუა საუკუნეთა ქრისტიანული მწერლობის ორი უბრწყინვალესი ძეგლი „სიბრძნე ბელაჰვარისი“ და „აბუკურა". ამ დამსახურებამ განაპირობა ის რომ ადრევე ითარგმნა ბერძნულად გიორგი ათონელის ,ცხოვრება იოვანესი და ექვთიმესი“. ექვთიმე ათონელი წმინდანად შერაცხა არა მხოლოდ ქართულმა ეროვნულმა ეკლესიამ, არამედ ბერძნულმაც. მისი თარგმნილი ლიტერატურა სასულიერო მწერლობის ყველა დარგს მოიცავს. იგი ცდილობდა მკითხველისათვის განზავებული და განმარტებული დედანთან დიდი სიზუსტით მიახლოებული ტექსტები მიეწოდებინა მისი შრომა განაგრძეს გიორგი მთაწმინდელმა, ეფრემ მცირემ, არსენ იყალთოელმა და იოანე პეტრიწმა. ამ მთარგმნელთა ღვაწლმა ქართული ლიტერატურა გვერდში ამოუყენა ბიზანტიურ მწერლობას.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9