ძვ. სპარსული რელიგიის რეფორმატორი - ზოროასტრიზმის დამაარსებელი და წინასწარმეტყველი. მეცნიერებაში დადგენილია, რომ ზ. ისტორიული პირია. ავესტაში არის ცნობები მის გვარზე, ქალიშვილსა და მეგობრებზე. ზ.-ს ცხოვრებისა და მოღვაწეობის დრო ზუსტად არ არის ცნობილი. ვარაუდობენ ძვ. წ. X ს. და VI-ს. I ნახევარს შორის პერიოდს. მკვლევართა აზრით, ზ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ირანში. ზოროასტრული ტრადიციით კი მისი სამშობლო აზერბაიჯანია. დასაშვებია, რომ ზ. იყო არიული რელიგიის ქურუმი. გათების მიხედვით ზ.-ს მოძღვრებას მის სამშობლოში წარმატება არ ჰქონია. იგი გაქცეულა და თავი შეუფარებია ქავი (მეფე) ვიშტასპას კარზე, რომელმაც მიიღო ახალი რელიგია და ხელი შეუწყო მის გავრცელებას. „მცირე ავესტაში“ ზ. უკვე მითიურ პიროვნებად, ღმერთკაცად გვევლინება.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3