იერუსალიმის ქართული სავანის ჯვრის მონასტრის სიძველეთა შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიცია 1იწი წ. ოქტომბერ-ნოემბერში ი. აბაშიძის, ა. შანიძისა და გ. წერეთლის შემადგენლობით. ძვ. ქართული წყაროეის მონაცემებით მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე გამოსახული უნდა ყოფილიყო შოთა რუსთაველის პორტრეტი. ი. ს. მ.-მ მიაგნო ფრესკის ადგილს (ადრე ტ. გაბაშვილის, ნ. ჩუბინაშვილის, ა. ცაგარელის აღწერილობით), რომელიც მთლიანად შავი საღებავით იყო დაფარული. საღებავის ზემოთა ფენის მოშორების შემდეგ შესაძლებელი გახდა ფრესკის მთლიანად აღდგენა. მასზე გამოსახულია ორი წმინდანის იოანე დამასკელისა და მაქსიმე აღმსარებლის წინაშე მუხლმოდრეკილი და ხელაპყრობილი საერო ტანსაცმელში გამოწყობილი შოთა რუსთაველი. აღდგა ფრესკის წარწერაც, რომელიც მანამდე წყაროებში ზუსტად არ იყო ფიქსირებული: „ამისა დამხატავსა შოთა(ს) შეუნდვეს ღმერთმან, ამინ“. პოეტის გამოსახულების ქვემოთ მინაწერია: „რუსთაველი“. ექსპედიციამ ფრესკის ფერად ფოტოებთან ერთად საქართველოში ჯვრის მონასტრის სხვა ფოტომასალაც ჩამოიტანა. შოთა რუსთაველის იერუსალიმური პორტრეტი თავისი სიძველითა და მნიშვნელობით უნიკალური მონაპოვარია პოეტის ბიოგრაფიისათვის.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3