„ივერიონი“. ძველი ქართული მწერლობისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა საბერძნეთში ათონის მთაზე, ქალკედონის ნახევარკუნძულზე. დაარსდა 980-983 წლებში. მისი შექმნა დაკავშირებულია იოანე მთაწმინდელისა და თორნიკე ერისთავის მოღვაწეობასთან თორნიკე ერისთავმა ბარდა სკლიაროსის ლაშქრის დამარცხების შემდეგ ხელთ იგდო (979 წ.) დიდძალი ნადავლი, რომელიც ამ მონასტრის მშენებლობას მოახმარა. მონასტრის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა შედიოდა. „დიდი ეკლესია“ გუმბათოვანი ტაძარი საუკუნეთა მანძილზე მრავალჯერ გადაკეთდა, და დღესაც არსებობს. მონასტერი ქართული სულიერი კულტურის მძლავრი კერა გახდა. აქ აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლა, რომელსაც სათავეში ედგნენ ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები. მათი ხელმძღვანელობით X-XI ს.ს ათონზე გაჩაღდა კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა, დაიწერა ორიგინალური თხზულებები, ქართულად ითარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის ძეგლები. მონასტერმა დიდად შეუწყო ხელი ქართული ლიტერატურის ნიმუშთა მსოფლიო სარბიელზე გატანას. აქ ითარგმნა ქართულიდან ბერძნულად „სიბრძნე ბალავარისი“ მომდევნო საუკუნეებში მუშაობა შენელდა და ბოლოს შეწყდა. დევნაშევიწროებას ქართველები განიცდიდნენ ჯერ კიდევ XI ს.-დან, ხოლო XII საუკუნიდან ბერძნებმა თანდათან ხელთ იგდეს სავანე. ქართველი ბერები მაინც განაგრძობდნენ აქ მოღვაწეობას. 1900 წლისათვის აქ 51 ქართველი იყო.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3