(ჟსე) 1804წ, ანტიკოლონიური და ანტიბატონყმური აჯანყება, აღმ. საქართველოს რუსეთთან შეერთების (1801 წ.)შედეგად გამოწვეული უკმაყოფილების გამო. ბატონყმური გადასახადებით ისედაც შევიწროებულ საქართველოს გლეხობას კოლონიური პოლიტიკის სიმძიმე დააწვა. ჯარების შენახვა და მათი სამსახური სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. ამას ემატებოდა მოხელეთა თვითნებობა და უსამართლობა. 1804 წ. დასაწყისში ჩრდ. კავკასიიდან ჯარის გადმოსვლისას გზისპირის მოსახლეობა გამოაძევეს სახლებიდან და აუტანელ სიცივეში სტეფანწმინდიდან ანანურამდე გზის გაწმენდა-შეკეთება დაავალეს. ცარიზმის მოხელეები უხეშად ექცეოდნენ მოსახლეობას, უწიოკებდნენ ოჯახებს, გაწეული სამუშაოებისათვის გასამრჯელოს არ უხდიდნენ. 1804 წლის მაისში მთიულეთში აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებული მთიულები პირველად თავს დაესხნენ კაიშაურის საგუშაგოს და 17 კაცისაგან შემდგარი რაზმი გაწყვიტეს. ამის შემდეგ აჯანყებულები ანანურსა და დუშეთს შემოერტყნენ, გაემართნენ სტრატეგიული პუნქტების ხელში ჩასაგდებად. მთიულებს მიეხმარნენ გუდამაყრელები, ქარელის,ხანდოს, ფშავ-ხევსურეთისა და თრუსოს მცხოვრებნი- აჯანყებულებმა ქულები გაუგზავნეს იმერეთში მყოფ იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებს და აჯანყებაში მონაწილეობა სთხოვეს.აჯანყებულთა წინააღმდეგ გამოვიდნენ ქსნის ერისთავები, რომელთაც რუსეთის ხელმწიფემ ცოტა ხნის წინ დაუბრუნა ერეკლე II-ის მიერ ჩამორთმეული ყმა-მამულები. იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები აჯანყებას სათავეში ჩაუდგნენ. მათი მიზანი იყო გაუქმებული სამეფო ხელისუფლების აღდგენა. 24 ივნისს აჯანყებულებს თავს დაესხა რუსთა რაზმი, რომელსაც თავადი გიორგი ამირეჯიბი მეგზურობდა 3 აგვისტოს მოხდა შეტაკება, რომელიც აჯანყებულთა გამარჯვებით დამთავრდა. აჯანყება ქსნის ხეობასაც მოედო. გლეხები დაერივნენ თავიანთ მებატონეებს და აიკლეს. 20 აგვისტოს დუშეთში დაწვეს ყაზარმა. სექტემბერში რუსეთიდან გამოგზავნეს დამატებითი ჯარები, მათ ყოველი მხრიდან შეუტიეს აჯანყებულებს. ციციანოვი ხელმძღვანელობდა. მთავრობის ჯარები სასტიკად გაუსწორდნენ მთიულეთის აჯანყების მონაწილეებს,დააპატიმრეს 40 ს-ზე მეტი კაცი, შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს ფარნაოზ ბატონიშვილი (ალ. ჭავჭავაძის ბიოგრაფია, მ. ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“, „ალ. ყაზბეგის „ელგუჯა“).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3