(ქ. მწ) იოანე ბაგრატიონის (ბატონიშვილი) დიდად პოპულარული ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება (1813-1820), რომელსაც ავტორი „ხუმარსწავლას“ უწოდებს. სამოგზაურო ჟანრი გამოყენებულია კომპოზიციურ ხერხად. თხზულების მთავარი გმირი იოანე ხელაშვილი მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (მონასტრისათვის პურისა და ღვინის შესაგროვებლად), ხვდება სხვადასხვა გარემოში, ესაუბრება ცალკეულ პირებს. ასე გვაცნობს ავტორი საქართველოს იმდროინდელ ვითარებას, აღწერს ქვეყნისა და ხალხის მდგომარეობას. „კალმასობაში“ ნათლად ჩანს განმანათლებლური ტენდენციები. საქართველოს დაუძლურების მიზეზად ავტორს ქვეყნის გათიშულობა, განათლების მოშლა და მორალურ-სარწმუნოებრივი სისუსტე მიაჩნია. „კალმასობაში“ ავტორი ავითარებს „კეთილი მეფის“ იდეალს. ლიტერატურული აზროვნების ისტორიის თვალსაზრისით საყურადღებოა „კალმასობის“ ორი თავი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3