კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კიდ კიკ კილ კიმ კინ კირ

კინტო და ყარაჩოღელი

კინტო ყარაჩოღელების გადაგვარებული მოდგმაა. ყარაჩოღელი დარბაისელია, რაინდი, პატიოსანი, გულმართალი. კინტო თვალმანკიერია და გულხენეში. იგი ჩიკორა კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელშიაც ვაჟკაცური ელემენტი ძალიან ნაკლებადაა. ყარაჩოღელი გარეგნულად წარმოსადეგი პიროვნებაა, ბრგე, მხარბეჭიანი, ყარაჩოღელი ღა კინტო ჩაცმულობითაც განსხვავდებიან. ყარაჩოღელი ანუ ყარაჩოხელი შავჩოხიანს ნიშნავს. მაშასადამე, ყარაჩოღელს აცვია შავი შალის ჩოხა, გრძელკალთებიანი, მოკლენაოჭიანი და ორჩაქიანი. ჩოხის ნაპირებზე მოვლებულია ბუზმენტი ბრტყელი ჩაფარიში. შიგნიდან აცვიათ წითელი აბრეშუმის დოშლუღგადაკერებული და გულამოჭრილი პერანგი. ზედ შავი ატლასის ან სატინის წვრილ ნაოჭიანი ახალუხი. მათი განიერი შარვალი შავი შალისაგან იკერებოდა. თავებში აბრეშუმის ფოჩებიანი ხონჯარი ჰქონდა გაყრილი. ამ შარვლის ფართე ტოტები შიგნიდან ჰქონდათ ჩამაგრებული საცვეთების ჩარჩუბაღებში. საშინაოდ იცვამდნენ ქოშებს, საგარეოდ ყაფაღიან წაღებს. მათი სამკაული ვერცხლის გობაკებიანი ქამარი; ქამარში მწვანე ბაღდადი, გალიბანდის ქუდი, წელში ვერცხლის ჩიბუხი და ჩიბუხისთვის ქისა წეკოთი. კინტო ნიშნავს კინწით, კისრით თაბახის მზიდველს. კინტოს აცვია ჩითის პერანგი, წინწკლებიანი და მაღალსაყელოებიანი, რომელსაც შესაკვრელი გვერდზე აქვს, მარცხნივ. საყელოზე 4 ღილი აკერია, მაგრამ საკინძე მუდამ ჩამოხსნილი აქვს. აცვია შავი ნაშურის ახალუხი, ლასტიკის განიერი შარვალი, რომლის ტოტებს ხშირად ფარფარი გააქვს. თავზე ქეჩის ქუდი ან „კოზიროკიანი შაპკა“, ფეხზე უქუსლო ჩუსტები (საგარეოდ გარმონისებური ე. წ. დაწყობილი ჩექმები); გულზე საათი ძეწკვით, წელზე აბრეშუმის სარტყელი ან ვერცხლის ვიწრო ქამარი, ქამარში უბრალო ხელსახოცი; ჩოხას სულ არ ხმარობენ. ყარაჩოღელის ხმა ტკბილია და შთამბეჭდავი, კინტოს ხმა ხრინწმოკიდებული და ხმელი; ყარაჩოღელის მიხვრა–მოხვრა მტკიცეა, კინტოსი ოკრობოკრო; ყარაჩოღელი თვით ქმნის სიტყვის შედევრებს, კინტო ამ სიტყვებსაც ამახინჯებს; ყარაჩოღელების სასმისი იყო ჩინური ჯამი, აზარფეშა და ვერცხლით შეჭედილი ხის კულა. კინტომ არც კი იცის ას ჭურჭლის სახელები. იგი უარყოფს ქამრიან ჭიქებსაც კი და უცხოელი ბოჰემისტების მიბაძვით ღვინოს ქალის ტუფლიდან სვამს, კინტო ნამარდია, ყარაჩოღელი - ჯომარდი. კინტო მუშტარს ათასგვარ უდიერ და უასაკო სიტყვას ეუბნება, ყარაჩოღელის სიტყვა-პასუხი კი ჭკუის სალესავია. ყარაჩოღელი ძველი თბილისის ძველი თაობაა. იგი იმ დროის მოქალაქეა, როცა „ქართლის ცხოვრების“ სიტყვით ქალაქი ტფილისი სინთეზია ქართულსპარსული ურთიერთობისა. კინტო კი შექმნილია შორეული ბაზრის წიაღში, როცა ვაჭრობამ ხელობას გაუსწრო. თბილისში ნელნელა იჭრება ცივილიზაცია. თბილისი ევროპიელდებოდა. იცვლებოდა თბილისი და ამასთანავე, რასაკვირველია, ისპობოდა და ითქვიფებოდა ყარაჩოღელთა ჯილაგიც. აი, რას წერდა ილია იმდროინდელ „გადაგვარებულ“ თბილისზე: ხომ ჩვენი ქალაქია, მაგრამ იქ გული არ მიდგება, თითქო ჩვენები აბარგებულან, გახიზნულან და სხვები დასახლებულანო. გული გულს აღარ ეკარება და სურვილი სურვილსა, ლეჩაქი რა” არის, ლეჩაქიც კი ვეღარ დაგვინახავს, თითქოს ნამუსთან ერთად ისიც მოუხდიათ და გადაუგდიათო.“
იხ. აგრეთვე: კინწი
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9