ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრი. ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს. ბერიკაული წარმოდგენები საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა და ახალი შინაარსით თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათი კონკრეტული მოქმედებით განსახიერება და სიტყვიერი მასალით ხორცშესხმა მთლიანად ბერიკების ნიჭზე და უნარზეა დამოკიდებული, დროთა განმავლობაში ბერიკებმა დატოვა საკულტო-რელიგიური დანიშნულება. ბერიკების მრავალი სიუჟეტი შეიცავს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის სურათებს. თავადების, ეკლესიის მსახურთა, მოსამართლეთა საქმიანობის მამხილებელ სცენებს. ჩვენამდე მოღწეულია ბერიკების 100-ზე მეტი სიუჟეტი. მათი უმეტესობა კომიკურია და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე. ბერიკები სამგვარი წყობისა იყო: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო.
- „გირშელი იგონებდა სიყრმეს, ვერძების ბრძოლას, ბერიკაობას, ჭონას.“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს). „თვითონ ელიზბარიც გატაცებით ბერიკაობდა („არსენა მარაბდელი“ მ. ჯავახ.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3