გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. სწავლობდა ბრესლაუს უნ-ტში, 1881 წ. დაინტერესდა აღმოსავლეთით, კერძოდ, საქართველოთი. ლ - მა დაიწყო ქართული ენის შესწავლა, დაუკავშირდა ქართველ მოღვაწყებს: ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ი. მეუნარგიას და სხვ. 1882 წ. პოლონურ პრესაში გამოქვეყნდა წერილი „ქართველებისა და სომხების ლტოლვა განათლებისაკენ“, ხოლო 1883 წ. გერმანულ პრესაში „მივიწყებული ლიტერატურა“. 1884 წ. ლ-მა ჭავჭავაძის მოწვევით ერთი თვე დაჰყო საქართველოში. გერმანიაში დაბრუნებულმა გამოსცა წიგნი „საქართველოს ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა“ (1885 წ.) რომელიც პოლონურ ენაზე გამოიცა.
- ლ. საქართველოს შესახებ წერდა: „ღმერთს დაუბერტყია უხვი კალთა ამ ქვეყანაში“; „გამაოცა ქართული ენის დროთა და კილოთა სიუხვემ“. 1885 წ. ლ. კვლავ ესტუმრა საქართველოს და ი. ჭავჭავაძისა და ი. მაჩაბლის დახმარებით შეუდგა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას (გამოქვეყნდა დრეზდენსა და ლაიბციგში, 1890 წ.) 1887 წ. გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3