1864-1934 (ქსე) დაიბადა ქუთაისში, ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, ორიენტალისტი, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი. მამა შოტლანდიელი ჰყავდა, დედა ქართველი 1884 წ. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1890 წ. პეტერბურგის აღმოსავლურ ენათა ფაკ.-ტი. 1891 წ.-დან ამავე უნივერსიტეტის პრივატდოცენტი იყო. მუშაობდა სტრასბურგის, ვატიკანისა და რომის ბიბლიოთეკებში. ქართულ ხელნაწერთა შესასწავლად გაემგზავრა 1998 წ. ექსპედიციაში ათონის მთაზე. 1902 წ. სინას მთაზე ივ. ჯავახიშვილთან ერთად. 1930 წ--დან იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი. მ.-ს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ფილოლოგიის განვითარებაში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველურ ენათა შესწავლის საქმეში. გამოაქვეყნა „ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები“, „ჭანურის გრამატიკა“, „ძველი ქართული სალიტერატურო ენა“, „ქართული ენა“, რიგი საყურადღებო წერილებისა სვანური ენის შესახებ. ნ.მ.- მა დიდი ამაგი დასდო ქართულ სასულიერო და საერო მწერლობისა და კულტურის საკითხთა შესწავლას ფუნდამენტური მონოგრაფიული გამოკვლევებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელი ცხოვრება“ (1911 წ.), იოანე პეტრიწისადმი მიძღვნილი გამოკვლევები. მან საფუძველი ჩაუყარა ქართული საზოგადოებრივი და «ფილოსოფიური აზრის განვითარების ისტორიულ შესწავლას. ბრწყინვალე გამოკვლევები უძღვნა ქართული კლასიკური საერო მწერლობის ძეგლებს. პირველმა გამოსცა გამოკვლევებითა და კომენტარებითურთ „აბდულმესიანი“, „თამარიანი“, გააშუქა „ამირანდარეჯანიანთან“, „ვისრამიანთან“, „შაჰნამესთან“, „რუსუდანიანთან“ დაკავშირებული ქართულ-სპარსული და ქართულ-არაბული ლიტერატურის ურთიერთობის საკითხები. მ..მა საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას. განსაკუთრებული ღვაწლი დასდო „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის საკითხების, რუსთაველის იდეოლოგიისა და მისი ეპოქის შესწავლას. გამოსცა პოემის პროლოგისა და ეპილოგის ტექსტები. დიდია მ.-ის დამსახურება საქართველოს ისტორიის მეცნიერულ შესწავლაშიც. მას ეკუთვნის „საქართველოს ისტორია“ რუსულ ენაზე.
- „ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რა გინდა რა ენით. ქართული ენა თავისი შინაგანი თვისებებით ისეთია, რომ თამამად შეიძლება ამოუდგეს მსოფლიოში დიდად გავრცელებულ ენებს“ ამბობდა იგი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3