გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი ვეზირი სახელმწიფო ხაზინის მთავარი “გამგე, მეჭურჭლეთა უფროსი. ტერმინი „მ.“ ქართულ საისტორიო წყაროებში XI ს.-დან გვხვდება, მაგრამ უეჭველია, რომ მ.-ობა გაცილებით ადრეც არსებობდა. („ხელმწიფის კარის გარიგებაში“ მ. „ძველ ვეზირად იხსენიება.) მ. განაგებდა საჭურჭლეს, რომელშიც ფული და სანიადაგოდ სახმარი და სახარჯი ქონება ინახებოდა. მას ჰყავდა თავისი ნაცვალი, ანუ მოადგილე. მ.-ს ემორჩილებოდნენ საჭურჭლის მუქიბი და მუშრიბი. როგორც ფინანსთა მინისტრს, მ.-ს საჭურჭლისა და მისი მოხელეების გარდა ექვემდებარებოდნენ აგრეთვე „ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო“ და „ქალაქის ამირანი“. მ. დიდი და საპატიო („საბატიო“) ვეზირი იყო და სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობდა. იგი მსახურთუხუცესთან ერთად ვეზირთა მეორე ჯგუფში შედიოდა. მ.-ს თავისი სამოხელეო ბეჭედი ეძლეოდა. ზოგჯერ შეიძლებოდა, რომ მას ერისთავთერისთავის, სპასალარის ან სხვა თანამდებობაც სჭეროდა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3