კურთხეული ზეთი. „ოფლისა, საკმევლისა და მირონის სუნი ერთმანეთში არეულიყო“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.). (ქსე) მცენარეული სურნელოვანი ზეთი, იხმარება ქრისტიანულ ეკლესიაში მირონცხების (მონათვლის საიდუმლოს შესრულების დროს, ტაძრისა და წმინდა ტრაპეზის კურთხევისას, აგრეთვე მეფის კურთხევაზე. გადმოცემის თანახმად, საქართველოში წმ. მირონი გადმოდიოდა მცხეთაში იმ სიდან, რომელიც იესო ქრისტეს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული. შემდგომში იმ ადგილზე სვეტიცხოვლის ტაძარი აუგიათ. ამჟამად მირონს ამზადებენ 30-ზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისაგან (ზეითუნის ზეთი, თეთრი ღვინო, საკმეველი, სხვადასხვა ყვავილის, ვარდის ზეთი და სხვა). მ. მზადდება ყველა დამოუკიდებელ ეკლესიაში. ეს არის ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი ნიშანი. მ.-ის ხარშვა იწყება აღდგომის წინ, დიდ ორშაბათს და 3 დღეს გრძელდება. მ.-ს აკურთხებს პატრიარქი საპატრიარქო ტაძარში, საზეიმო წირვის შესრულების დროს. საქართველოში მ.-ს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი („გრ. ხანძთელის ცხოვრების“ შესწავლისას).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3