XIII-XV ს. ს. მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი, გულისხმობს მმართველობის ორგანიზაციას, სამხედრო ბეგარას, საგადასახადო სისტემას, ხარკს და დამპყრობთა სახელით ფულის მოჭრას. მონღოლები პირველად 1220 წ. გამოჩდნენ საქართველოს საზღვრებთან. 1220-1221 წწ. სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ. 1235 წ. მონღოლები კვლავ მოვიდნენ საქართველოში. ქვეყნის მესვეურებმა ამჯერად ბრძოლის პასიური ტაქტიკა აირჩიეს, ცალკეულ მხარეთა გამგებლები და სახელმწიფო ვეზირები ჯერ ციხეებში შეიკეტნენ, მერე კი მტერს დანებდნენ. მეფე რუსუდანმა დასავლეთის ქრისტიანულ სახელმწიფოთაგან დახმარების მიღება სცადა და წერილით მიმართა რომის პაპს, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ ის დამპყრობლებს შეუთანხმდა და ცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა. საქართველოს ყოველწლიურად 50 ათასი პერპერის გადახდა და მონღოლთა ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება დაეკისრა. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, უმეფობის ხანაში, მონღოლებმა საქართველო დაყვეს დუმნებად, რომელთა სათავეში დააყენეს ქართველი ერისმთავრები. მათ დუმნის ტერიტორიაზე ხარკი უნდა აეკრიფა და მონაწილეობა მიეღოთ დამპყრობელთა ლაშქრობებში. ხარკის სიმძიმით გაბეზრებულმა ქართველმა მთავრებმა აჯანყების მოწყობა გადაწყვიტეს (იხ. კოხტასთავის შეთქმულება) XV ს. მეორე ათეულში„ როცა ილხანთა ტახტზე მცირეწლოვანი აბუ საიდი იჯდა, გიორგი V-მ ენერგიული მოქმედებით თანდათან დაიმორჩილა მთავრები და ერისთავები. 1126 წ. მან ისარგებლა ილხანთა კარზე ამტყდარი არეულობით, მონღოლთა ლაშქარი საქართველოდან განდევნა და ხარკის მიცემა შეუწყვიტა, რომლის ოდენობა 120 თუმანსა და 2 ათას დინარს შეადგენდა. ამიერიდან ქვეყანა ფაქტობრივად განთავისუფლდა მონღოლთა ბატონობისაგან, თუმცა ფორმალურად კვლავ ილხანთა ვასალად ითვლებოდა. მონღოლთა ბატონობის შედეგად საქართველოში მეურნეობა მოიშალა, ქალაქები ღა სოფლები დაიცალა და გავერანდა, მოსახლეობა ბრძოლებში გაწყდა ან გაიქცა. ვაჭრობა, აღებმიცემობა ჩაკვდა, სახელოსნო წარმოება დაეცა. ქვეყანა დაცემა-დაქვეითების გზას დაადგა (ძვ. ქართული მწერლობის I პერიოდის მიმოხილვა).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3