(1821-1867) (ქსე) ფრანგი პოეტი. მისი ესთეტიკური მრწამსის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინეს სტენდალმა, ფლობერმა, ედგარ პომ. მისი ლექსი „აბელი და კაენი“ ფრანგული პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშია. 1857 წელს გამოსცა ლექსების კრებული, რომელსაც დაარქვა „ბოროტების ყვავილები“. კრებულში გატარებულია პოეტის საბოლოო ესთეტიკური მრწამსი: ცხოვრებაში ბოროტება ბატონობს და ხელოვნებამაც ეს ფაქტი უნდა ასახოს ბ. მრავალგზის აღნიშნავდა, რომ „ბოროტების ყვავილები შემთხვევითი ლექსებისაგან შედგენილი კრებული კი არ არის, არამედ ერთიანი კონცეფციით შექმნილი წიგნი. „ბოროტების ყვავილები“ კონტრასტის პრინციპითაა აგებული, მასში დაპირისპირებულია სიცოცხლისა და სიკვდილის, სპლინისა და იდეალის თემები. ბოდლერი მტკივნეულად აღიქვამს მისი თანამედროვე საზოგადოების სიმახინჯეს მაშინაც, როდესაც გამოსავალს ვერ ხედავს და რჩება პირდაპირი და უკომპრომისო.
- „იყო შარლ ბოდლერი: მწარე და ძვირფასი/თრობის საათია, ღვინის საათია, ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე/რომელი საათია?“
- „იყო საღამო ზანტი, მე კი გადავშლი ბოდლერს, დაე მფრინავი ლანდი მიაქანებდეს ფოთლებს.“ (გ. ტაბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3