ქრისტიანობის გამავრცელებელი და მქადაგებელი საქართველოში (IV ს. 30-იანი წწ.). წარმოშობით კაპადოკიელი ბერძენი.გადმოცემით ნ.-ს მამა იმპერატორ მაქსიმილიანეს მხედართმთავარი ყოფილა. შემდეგ მას სამსახურისათვის თავი დაუნებებია და იერუსალიმში წასულა, სადაც შეურთავს იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და – სუსანა. ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზარეულოს მსახური გამხდარა. იერუსალიმიდან ნ. იმპერ. კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენეს და სეფექალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. შემდეგ ნ. საქართველოში წამოსულა. სალოცავაღდ აღუმართავს ვაზის ტოტისაგან მცხეთაში თავის სადგომში, (ნაწნავისაგან) გაკეთებული ჯვარი. ნ.-ს ქადაგებებითა და სამკურნალო ხელოვნებით მოსახლეობის ყურადღება დაუმსახურებია. მას მეტსახელად „ტყვესაც“ ეძახდნენ, როგორც უცხოელ, უთვისტომო ადამიანს და სიყვარულის წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია. მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ამის შემდეგ ნ.-ს რჩევით მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან. სამისიონერო მოღვაწეობა განუგრძია ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთში ასულა და წილკნელები, ქართლელები, ფხოველები და ერწოთიანეთლებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას გამხდარა და სოფ. ბოდბეში გარდაცვლილა. იქვე დაუსაფლავებიათ. წმ. ნინოს ხსენების დღედ ეკლესიამ 14 (27) იანვარი დააწესა.
- „მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზისჯვარი.“ („წმინდა ნინო“ ა. კალან.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3