პა პე პი პლ პო პრ პტ პუ პწ
პეგ პედ პეი პერ პეტ

პეტრე იბერი

(411-491) (ქსე) გამოჩენილი ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით ნაბარნუგი), იყო იბერიის მეფის ბუზმარის შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი, მის აღმზრდელად კოლხეთიდან მოუწვევიათ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მითრიდატე ლაზი. მურვან ამალითურთ (423 კაცი) ბიზანტიის კეისრის თეოდოსიუს II-ის მოთხოვნით მძევლად წარგზავნეს კონსტანტინოპოლს. აქ ქართველი უფლისწულის სწავლა-აღზრდის საქმეს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია. მურვანს ბავშვობიდანვე დიდი ნიქი გამოუჩენია და ბრწყინვალე განათლება მიუღია, შეუთვისებია „ყოველიგე სწავლულება, საეკლესიო და საფილოსოფოსო“ („ქართლის ცხოვრება“). ცნობების თანახმად, მურვანი ბიზანტიაში უსმენდა ცნობილ სწავლულებსა და ფილოსოფოსებს. მისი ბიოგრაფის, საქარია ქართველის გადმოცემით, უფულისწულს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნითა და გონებამახვილობით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები. იერუსალიმში ყოფნის დროს მას შესანიშნავად აუთვისებია სირიული ენა და მწერლობა. სამშობლოდან მოწყვეტილ მურვანს არ აკმაყოფილებს იმპერატორის სასახლე, მისი დიოფიზიტური იდეოლოგია, გაბატონებული წრეების ცხოვრების წესი, რის გამოც იგი რამდენიმე ქართველთან ერთად გაიპარა სასახლიდან და პალესტინაში გადასახლდა, სადაც ეწეოდა დიდ ფილოსოფიურ-იდეოლოგიურ მოღვაწეობას, პ. ი. გახდა ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი V ს. II ნახ. ფილოს. თეოლოგ. აზროვნებისა. 452 წ. ჰ, ი. მაიუმის ეპისკოპოსად დანიშნეს. ზაქარია რიტორი მას „მსოფლიოში განსაცვიფრებლად სახელგანთქმულ ადამიანს“ უწოდებდა, იოანე რუფუსი კი – „ჩვენს პავლეს“ და „მეორე მოციქულ პავლეს“ და „მეორე მოსეს, ხოლო ზაქარია ქართველის გამოთქმით: „იგი იყო მშვენება და დიდება საქართველოსი დამცველი მთელი ქვეყნისა“, იერუსალიმში პ. ი.-მა ააშენა ქართველთა მონასტერი და შექმნა სკოლა, რომლის ბირთვს სირიაში მყოფი ქართველები შეადგენდნენ. ამ სკოლაში სწავლა მიღებული ქართველები VI ს.სამშობლოში დაბრუნდნენ, რაც ქართულ ისტორიოგრაფიაში ასურელ მამათა მოსვლის სახელითაა ცნობილი.შ. ნუცუბიძემ და ე. ჰონიგმანმა იგი აღიარეს „არეოპაგიტის“ ავტორად. პ.ი.-ის თეორ. მოღვაწეობა დამაკავშირებელი ხიდია ანტიკურობის ქრისტიანობასთან. იხ.დიონისე არეოპაგელი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9