სწორკუთხად მოხრილი ბოლოების მქონე ჯვარი – ორნამენტული მოტივი, რომელიც გვხვდება ძვ. ინდოეთის, ჩინეთის, იაპონიისა და ზოგი სხვა ქვეყნის ხელოვნებაში, ფაშისტებმა თავიანთ ემბლემად გამოიყენეს (მდრ. ბორჯღალი). (ქსე) არსებობს ოთხმეხრიანი, სამმხრიანი და მრავალმხრიანი სვასტიკა. სვასტიკის მხრები კუთხოვანია ან მომრგვალებული. მომრგვალებულ მკლავებიან სვასტიკას ქართულად ბორჯღალს უწოდებენ. სვასტიკას სხვადასხვა საკულტო და სიმბოლური მნიშვნელობა მიეწერებოდა. მზის ბრწყინვალებისა და ცეცხლის სიმბოლო ბედნიერებისა და კეთილდღეობის ცნებასაც ითავსებდა. მზის მარადიული ბრუნვის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. პოპულარული იყო ბერძნულ-რომაულ სამყაროში, საიდანაც იგი ქრისტიანულმა ხელოვნებამ შეითვისა. ხშირია სვასტიკის გამოსახულება საქ.- ოს ადრინდელ კულტურის თიხის ჭურჭელზე, ოქროს სამკაულების ორნამენტიკაში სვასტიკის მრავალმკლავა ვარიანტი (ბორჯღალი) ქართული დარბაზის, დედაბოძის, კერის ქვების, კიდლანებისა და სხვა ნივთების უმნიშვნელოვანესი ორნამენტია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3