ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბაჟ ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაჩ ბაც ბახ ბაჯ

ბაირონი ჯორჯ ნოელ გორდონ

(1788-1824) ინგლისელი პოეტი. დაიბადა გაღარიბებული დიდგვაროვანი არისტოკრატის ოჯახში სწავლობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში. ლექსების პირველი კრებული „მოცალეობის საათები“ 1807 წ. გამოვიდა. სატირაში „ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველნი“ (1809) დაგმო ინგლისელ რომანტიკოსთა რეაქციული ტენდენციები. 1811 წ. გამოაქვეყნა პოემა „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობის“ პირველი ორი ქება. ამ პერიოდშივე გამოვლინდა ავტორის სიძულვილი ლონდონის არისტოკრატიისადმი. ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან დაწყებული კონფლიქტი ოჯახური დრამითაც გართულდა. ბ. გაემგზავრა ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ იტალიასა და საბერძნეთში. 1823 წ. მონაწილეობდა საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში. აქ იგი ავად გახდა და გარდაიცვალა. ბაირონის დიდი პოპულარობა „ჩაილდ პაროლდის“ გამოქვეყნებით დაიწყო. პოემის გმირი, იმედგაცრუებული ახალგაზრდა არისტოკრატი მალე იქცა სინამდვილის წინააღმდეგ ამბოხებული პიროვნების სინონიმად. პოემაში ისმის პროტესტი არსებული სოციალური წყობილების მიმართ. ბ. სოციალური მოუწესრიგებლობისა და ეროვნული ჩაგვრის მიზეზებს ზნეობის დაცემასა და უმეცრებაში ეძიებს. ბ. თავისი ყოვლისმომცველი მელანქოლიური განწყობილებით ე. წ. „მსოფლიო სევდის“ გამომხატველი პოეტია. ტრაგიკულმა მსოფლაღქმამ თავი იჩინა აღმოსავლური პოემების ციკლში („გიაური“, „აბდოსელი სარძლონი“, „კომისარი“, „ლარა“, „კორინთის ალყა“, „პარიზიანა“). ლექსების ციკლში „ებრაული მელოდიები“, დრამატულ პოემებში: „მანფრედი“, „მისტერია“, „კაენი“, „მაზეპა“, „სარდანაპალი“, „ორი ფოსკარი“, დაუმთავრებელ რომანში ლექსად „დონ ჟუანი“ ასახულია ინდივიდუალისტი პიროვნების ამბოხება მსოფლიო სოციალური სისტემის წინააღმდეგ. ბ. რომანტიზმის პროგრესული ფრთის უდიდესი წარმომადგენელია. მისმა პოეზიამ წარმოშვა თავისებური მიმდინარეობა, რომელსაც „ბაირონიზმი“ ეწოდა. რუსეთში ბ.-ის მეამბოხე განწყობილებას ეხმაურებოდნენ: კრილეევი, ა. პუშკინი, განსაკუთრებით მ.ლერმონტოვი. საქართველოში ბ.-ს ენათესავება ნ. ბარათაშვილი თავისი რომანტიკულ ლირიკული განწყობილებითა და ინტონაციით. მის პირველ მთარგმნელთა შორის არიან ი.ჭავჭავაძე და აკ.წერეთელი.
 
„მყინვარი დიდ გოეთეს მაგონებს და თერგი კი მრისხანე და შეუპოვარს ბაირონს“(„მგზავრის წერილები“ ჭავჭ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9