ქრისტიანული წმიდანის გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით 23 აპრილს (6 მაისი) და 10 (23) ნოემბერს. ხალხური გ. სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებით იმართებოდა: ქართლში გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთში ვერდობა, თეთრი გ; სამეგრელოში ილორობა და სხვა. გადმოცემით საქართველოში არსებობდა წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო (ლეგენდის მიხეdვით, წმ. გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული გაანაწილა, ქვეყანაზე მიმოაბნია და ყველგან სადაც ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა.). გიორგობას საფუძვლად უდევს მცენარეული სამყაროსა და ნადირთა მფარველის ფალოურის, მოკვდავი და აღდგენილი ღვთაების თაყვანისცემა. მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექაქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო იკონოგრაფიულად ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელწოდებით (ლაშარი, ლომისი, ხახმატი) მოიხსენიებდნენ მას. კულტ მსახურებისას მიღებული იყო ზვარაკის შეწირვა კლავდნენ მამალს, ცხვარს, ხარს. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი ან ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამოდენიმე დღე გრძელდებოდა. სამეგრელოში 23 აპრილის ღამეს ათევინებდნენ სუჯუნის ტაძარში საპატიო კაცს, რომელიც მეორე დილით წმიდანის „ნებას“ აცნობდა ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს (იხ. წმ. გიორგი).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3