ქრისტიანი წმინდანი; წარმოშობით სპარსი, გაქრისტიანებამდე ერქვა გვირობანდაკი. მამამისი მოგვი იყო და მასაც მოგვად ზრდიდა, მაგრამ ევსტათი ჯერ კიდევ სამშობლოში ყოფნისას დაეჭვდა მაზდეანური სარწმუნოების ჭეშმარიტებაში და ქრისტიანობის მხარეზე გადაიხარა. ამ გრძნობით შეპყრობილი ქართლში ჩამოვიდა და მცხეთაში დასახლდა. აქ მან შეისწავლა მეწაღეობა, დაუახლოვდა ადგილობრივებს და ცოლად შეირთო ქრისტიანი ქალი. ამის შემდეგ უფრო შეიყვარა ქრისტიანული რჯული და მონათლა კათოლიკოსმა სამოელმა, რომელმაც ევსტათი დაარქვა. წმ. ევსტათიმ მცხეთაში მცხოვრებ სპარსელ ხელოსნებს უარი უთხრა მაზდეანთა მთავარ რელიგიურ დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაზე. ამის გამო, იგი დააბეზღეს მცხეთის ციხისთავ უსტამთან, რომელმაც, სხვა შვიდ გაქრისტიანებულ სპარსელთან ერთად, მარზპან არვანდ გუშნასპს თბილისში გაუგზავნა დასასჯელად. ქართლის კათოლიკოსისა და მთავრების თხოვნით იმავე მარზპანმა 6 თვის შემდეგ სპარსეთში გამგზავრების წინ წმ. ევსტათი ციხიდან გაათავისუფლა. სამი წლის შემდეგ, როცა ქართლში ახალი მარზპანი – ვეჟან ბუზმირი მოვიდა, მცხეთელმა სპარსელებმა ევსტათი ისევ დაასმინეს. მარზპანი ცდილობდა მის მამაპაპეულ სარწმუნოებაზე დაბრუნებას, მაგრამ – ამაოდ. ევსტათი საპყრობილეში გადაიყვანეს, თავი მოჰკვეთეს და ფრინველებს მიუგდეს საჯიჯგნად, გვამი კი ღამით ქალაქგარეთ გაიტანეს. ქრისტიანებმა წმ. ევსტათის ცხედარი მალულად წაასვენეს მცხეთაში. მოწამის ნეშტს წმ. სამოელ კათოლიკოსი შემოეგება და პატივით დაკრძალა სვეტიცხოველში, წმიდა ტრაპეზის ქვეშ.